2025 წელს უკრაინა იმედით ხვდება. იმედით, რომ მათ ქვეყანაში ნანატრი მშვიდობა დაისადგურებს.
მშვიდობის გარანტად უკრაინელებთან ერთად, მთელი მსოფლიო სწორედ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს ხედავს. დაპირება იქამდე მიიღეს, სანამ ტრამპი თეთრ სახლში მეორედ შესვლას იზეიმებდა. მშვიდობის გეგმა უკვე მაგიდაზეა - ახლა გადაწყვეტილება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უნდა მიიღონ.
გარიგებაზე უარი არ თქვა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც აუდიენციას დათანხმდა და უახლოეს მომავალში დონალდ ტრამპთან შეხვედრაც დააანონსა. ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამერიკას უკვე ეწვია. თუმცა, იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც მშვიდობა ყველაზე მეტად სჭირდება, ტრამპის გეგმა არ მოსწონს.
ქვეყნის გაძლიერება და მშვიდობა ჩაიფიქრა მთელმა უკრაინამ შობის ღამეს - მოქალაქეებმა ტაძრებში, მებრძოლებმა ფრონტის ხაზზე.
დღესასწაულმა ვერ შეაჩერა რუსეთი. შობას უკრაინა ისევ საჰაერო განგაშის ფონზე შეხვდა. საოკუპაციო ძალებმა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა სწორედ შობის დღეს განახორციელეს - დაიბომბა კიევი, ხარკოვი, კრივოი როგი და სუმი.
უკრაინის დასაცავად და კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარების მიღების მიზნით, მთელი წლის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ხვდებოდა.
შედეგს ზელენსკიმ ნაწილობრივ მიაღწია - მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე დღეში, მოხსნა შეზღუდვა, რომელიც უკრაინას შტატების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას უკრძალავდა რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც.
შედეგად, 3 წლიანი ომის განმავლობაში პირველად, თავდასხმების სამიზნე რუსეთიც გახდა.
ძლიერი დარტყმა მიიღო პირადად პუტინმა დედაქალაქშიც, როდესაც საცხოვრებელ კორპუსთან დანაღმული სკუტერის აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპნენ. გამოძიება ტერაქტის მოწყობის მუხლით დაიწყო. მოსკოვმა კიევი დაადანაშაულა. სწორედ უკრაინაზე მიუთითა მკვლელობის შემსრულებელმა, რომელიც მეორე დღეს დააკავეს. მედიამ კი წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გენერალ კირილოვის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.
ვლადიმერ პუტინი უკრაინას პასუხის გაცემით დაემუქრა და შური კიევზე მასშტაბური თავდასხმით იძია.
პარალელურად, პუტინმა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა გააღრმავა. რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე თავისი სამხედროები გაგზავნა. პუტინმა განაახლა ბირთვული დოქტრინაც და დასავლეთი გააფრთხილა.
მთელი წლის განმავლობაში პუტინი არც საერთაშორისო ნორმების დარღვევას ერიდებოდა - 21 ნოემბერს რუსეთის არმიამ ქალაქ დნიპროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი დაბომბა.
უკრაინაზე მოსკოვის მასიურ შეტევებს წინ უსწრებდა გერმანიის კანცლერის სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან. თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი კომუნიკაციისას ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს კიევთან მოლაპარაკებების დაწყების და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.
სანამ შოლცი პუტინის დარწმუნებაზე ზრუნავდა, ზელენსკი ტრამპს ხვდებოდა და ცდილობდა გაერკვია, ვინ უფრო მოსწონდა ამერიკის მომავალ ლიდერს - რუსეთის თუ უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ ტანგოს ცეკვა მაინც მარტომ გადაწყვიტა და უკრაინაში დაბრუნებულმა რადას თავისივე შემუშავებული "გამარჯვების გეგმა" გააცნო, რომელიც 5 პუნქტისგან შედგება. მხარდაჭერისკენ კი შტატებსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც კიევიდან მოუწოდა.
სამ წლიანი ომის პერიოდში პირველად დაირღვა რუსეთის საზღვრების უსაფრთხოება - უკრაინელი სამხედროები კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში შეიჭრნენ და ტერიტორიების ნაწილის აღებაც მოახერხეს.
უკრაინელების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას კი წინ უსწრებდა კიევის დიდი ხნის ნანატრი ოცნების ასრულება - უკრაინაში F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ჩავიდა.
სიხარული მალევე მწუხარებამ შეცვალა - რუსეთმა კიევში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. საოკუპაციო ძალების იერიშს 34 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა მცირეწლოვანი იყო. უკრაინაში გლოვა გამოცხადდა.
ამ მასშტაბურმა თავდასხმამ ვაშინგტონში მყოფ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის მკვლელობის სურვილი გაუჩინა.
ივლისი უკრაინისთვის ბრძოლის ველზეც მძიმე თვე აღმოჩნდა - რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში რამდენიმე ქალაქის აღება მოახერხა.
ფრონტზე უკან დახევის პარალელურად, ზელენსკიმ თავისი მოქალაქეების დასაცავად დახმარება ისევ მოკავშირეებს სთხოვა. პასუხი პუტინისგანაც მიიღო - მოსკოვმა კიევს მშვიდობა NATO-ზე უარის თქმის სანაცვლოდ შესთავაზა.
ზელენსკიმ უარი თქვა, პასუხად კი რუსეთისგან უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვთან ფრონტის კიდევ ერთი ხაზი მიიღო.
ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად რომის პაპმა მთელი წლის განმავლობაში პუტინსა და ზელენსკის ომის დასრულებისკენ არაერთხელ მოუწოდა.
თეთრი დროშის გამბედაობა ვერცერთმა მხარემ გამოიჩინა და ომიც გაგრძელდა.
2024 წელი მნიშვნელოვანი ომის მძევლებისთვის აღმოჩნდა - რუსეთმა და უკრაინამ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით 100 სამხედრო ტყვე გაცვალეს.
ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა მასობრივი და ხმაურიანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ვალერი ზალუჟინისგან ოლექსანდრ სირსკის გადააბარა.
უკავშირდებოდა თუ არა ზალუჟნის შეცვლა რუსეთის ქალაქ ბელგოროდთან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ ილ-76-ის ჩამოვარდნას, ზელენსკიმ კითხვა უპასუხოდ დატოვა. თვითმფრინავმა, რომელშიც რუსეთის მტკიცებით, უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, კატასტროფა 24 იანვარს განიცადა. მის ჩამოგდებაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
სანამ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტენ, დასხდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, უკრაინაში ომის 1042-ე დღე სრულდება და იქ ადამიანები ახალ წელს იმედით ხვდებიან, რომ მათ ქვეყანაში მშვიდობა 2025 წელს მაინც დაბრუნდება.