2024 წელი - თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო წელი. წელი, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად საერთაშორისო ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
ბრძოლა, ერთიანობა, თავდადება - ვიხილეთ გულშემატკივრების ზღვა გერმანიის ქუჩებში და ზეიმი თბილისში.
ჩვენმა გუნდმა ყველა გულშემატკივრის გული მოიგო, ტურნირი ღირსეულად ჩაატარა და პლეიოფში იასპარეზა, სადაც მხოლოდ ჩემპიონთან დამარცხდა.
ყველაფერი რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.. პლეიოფი - ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, საქართველოს ორი მატჩი უნდა მოეგო. ნახევარფინალში ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო კვარაცხელია აკლდა.. ვინ იქნება გუნდის ლიდერი?! - ამ კითხვას პასუხი ბუნებრივად გაეცა. საქართველომ მეტოქეს 2-0 აჯობა. ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი დარჩა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე შანსი მიიღო. 2 წლის წინანდელი მარცხი ყველას მწარედ ახსოვდა.
დრამა, რომელიც პენალტების სერიამდე მივიდა. მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიება და წამი, როცა მთელ საქართველოს სუნთქვა შეეკრა. ნიკა კვეკვესკირის დარტყმა და გოლი - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა,
დროშები, საყვირები, სიხარულის შეძახილები - თბილისს იმ ღამეს არ ეძინა, გამარჯვების სიხარული მთელ ქვეყანას მოედო.
მხარდაჭერა, რომელიც ნაკრებს გულშემატკივარმა უჩვენა, შეუფასებელია.
საქართველო ევროპაზე - თითოეული ქართველი სადებიუტო მატჩის მოლოდინში იყო - დაიწერა არაერთი ლექსი თუ კომპოზიცია, რომელიც შემდეგ ერთგვარ ჰიმნადაც იქცა.
სადებიუტო მატჩი - საქართველო ისტორიის დასაწერად ემზადება. მატჩი თურქეთის გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ქართული გოლის ავტორი – გიორგი მიქაუტაძე გახდა.
ყველაზე მასშტაბური მსვლელობა ევროპის ჩემპიონატზე. ჰამბურგში ქართველმა გულშემატკივარმა თავი მთელ ევროპას დაამახსოვრა. საქართველოს დროშებით, ფორმებით და საყვირებით ათიათასობით ქომაგმა განუმეორებელი ატმოსფერო შექმნა. გამორჩეული იყო საქართველოს ჰიმნი, რომელიც მთელმა სტადიონმა ერთხმად შეასრულა.
მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. შეიძლებოდა გამარჯვებაც. ბოლო წუთს საბა ლობჟანიძემ შანსი ხელიდან გაუშვა. საქართველომ პირველი ქულა აიღო.
ისტორიული მატჩი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიმარჯვა. კვარაცხელიას გოლი და ლოჩოშვილის მოპოვებული პენალტი. საქართველომ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, პორტუგალიის ნაკრებს 2-0 აჯობა.. ჩვენმა გუნდმა 4 ქულა მოაგროვა და ჯგუფიდან გავიდა.
საქართველოს კვლავ არ ეძინა.
ახალი ეტაპი და უფრო დიდი გამოწვევა - საქართველო ტურნირის მთავარ ფავორიტს დაუპირისპირდა და მეტოქეს 20 წუთის განმავლობაშიც ამარცხებდა. საბოლოოდ გამარჯვება ესპანეთმა მოიპოვა, შემდეგ კი ტურნირის ჩემპიონიც გახდა. ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი 4 გატანილი გოლით, გიორგი მიქაუტაძე გახდა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. დახვედრა შთამბეჭდავი გამოვიდა. ათასობით გულშემატკივარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბა და ქართველ ფეხბურთელებს შეეგება.
იმავე დღეს დიდი ზეიმი გაიმართა. ეროვნული ნაკრების წევრები თავისუფლების მოედანზე ავტობუსით, მსვლელობით მივიდა. ათიათასობით ქომაგმა, თავდადებისთვის და განცდილი ემოციებისთვის, ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა.
ეროვნული გუნდის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის, ფულადი პრემიით და ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ.
ისტორიული, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრების ყურადღებამ და ინტერესმა, პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშებისკენ გადაინაცვლა, სადაც საქართველოს დელეგაცია, მართალია შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ ყველა სახეობაში საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი შემადგენლობით გაემგზავრა. მოლოდინი იმისა, რომ ქართველი სპორტსმენები პარიზიდან სხვადასხვა სინჯის არაერთი მედლით დაბრუნდებოდნენ გამართლდა, თუმცა მეტის მოპოვებაც შეიძლებოდა.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის თამაშები 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაამთავრა და უმაღლესი სინჯის მედლების რაოდენობით, 2008 წელს, პეკინში დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა. პარიზში, ქართველებისთვის რამდენიმე ისტორიული ფაქტიც დაფიქსირდა:
ლაშა ბექაური - პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ოლიმპიური თამაშები ორჯერ მოიგო.
გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის პირველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 3-ვე სინჯის მედალი მოიპოვა.
ლაშა ტალახაძე- პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზედიზედ სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი
ლაშა გურული კი პირველი ქართველი მოკრივეა ბოლო 24 წელიწადში, ვინც ქვეყანას ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოუტანა.
ისტორიაში პირველად გახსნის საზეიმო ცერემონიამ სტადიონს მიღმა გადაინაცვლა და მთელი პარიზი მოიცვა. ოლიმპიური თამაშების ეფექტურ და ორიგინალურ გახსნას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მთლიანობაში ორგანიზატორებმა მაყურებელს, არნახული სანახაობა და უპრეცედენტო შოუ შესთავაზეს. მსოფლიომ, მდინარე სენაზე საფრანგეთის კულტურა, ისტორია და გაცოცხლებული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები იხილა. სენას ექვსკილომეტრიანმა მონაკვეთმა, ოლიმპიადის 10-ი ათასზე მეტი მონაწილე დაიტია, რომელმაც პარიზის ყველა ცნობილ ხიდსა და ღირსშესანიშნაობას ჩაუარა, მათ შორის ღვთისმშობლის ტაძარსა და ეიფელის კოშკს. ეფექტური იყო ცნობილი და ლეგენდარული სახეების მონაწილეობით, ოლიმპიური ჩირაღდნის მთავარ ლოკაციამდე მიტანის სცენარიც. ოთხსაათიანი ცერემონიის კულმინაციური მომენტი კი იყო, სელინ დიონის გამოსვლა, სპეციალურად შერჩეული ისეთი ადგილიდან, საიდანაც პარიზი ხელის გულივით მოჩანს.
ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების სტარტს ყველა მოუთმენლად ელოდა და 27 ივლისიც დადგა. დღე როცა, ხუთმა ქართველმა იასპარეზა, თუმცა ამ ხუთიდან, ორის გამოსვლას, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. იმ დღეს, პლანეტის ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ქვეყნის ღირსების დასაცავად, ქართული დელეგაციის ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი, მოცურავე, 15 წლის ანა ნიჟარაძე გამოვიდა და იმავე დღეს, თავისი მეათე ოლიმპიური თამაშები გახსნა, ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ.
მოსაპოვებელი მედლების რაოდენობის მხრივ, სპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომელზეც ქართველი გულშემატკივრები საფუძვლიან იმედებს ამყარებდნენ, ძიუდოისტთა ნაკრები იყო. პარიზში, ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი გუნდი, უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა. ტატამიზე ტატო გრიგალაშვილის გამოსვლის ჯერი დადგა, რომელიც ზედიზედ მოპოვებული სამი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, საფრანგეთში, თავისი წონის, გამოკვეთილ ლიდერად და ფავორიტად ჩავიდა.
გრიგალაშვილმა ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და ფინალურ დაპირისპირებამდე, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ყველა, ვინც კი ტატამიზე მის წინაშე აღმოჩნდა. გარანტირებულ მედალთან ერთად, იმ წუთისათვის ტატო გრიგალაშვილი უკვე იყო ისორიაში პირველი ქართველი, რომელმაც ერთ კალენდარულ წელში ყველა დიდ ტურნირზე მედალი მოიპოვა.
ფინალში მისი მეტოქე გამოცდილი იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი, ნაგასე იყო. ქართველმა ის ბრძოლა დათმო და სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა. თუმცა, ერთი რამ ცხადია. გრიგალაშვილის მტკიცე და მებრძოლი ხასიათიდან გამომდინარე, მის ყულაბაში ოლიმპიური ოქრო აუცილებლად იქნება.
ლაშა ბექაური პარიზში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონისა და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით ჩავიდა. ტოკიოში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებისა და მოხდენილი ტრიუმფის შემდეგ, ძიუდოს სამყარომ, ქართველი ჯერ შეაფასა, შემდეგ დააფასა, მერე კი ზედმიწევნით კარგადაც შეისწავლა. ამიტომ, მოლოდინი, იმისა რომ პარიზში, ტიტულის დაცვა გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე პირველი ოლიმპიური ოქროს დასაკუთრება, სავსებით ლოგიკური იყო.
ტატამზე საშიში, სახიფათო და არაპროგნოზირებადი ბექაურის წინააღმდეგ ორთაბრძოლებში, მეტოქეთა მხრიდან შერჩეული ფრთხილი და დაცვითი სტრატეგიის მიუხედავად, 2024 წლის 31 ივლისს, ქართველი მაინც შეუჩერებელი იყო. ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბულგარელი და კორეელი მეტოქეები. მოუგო ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს და ქართულ - იაპონური ფინალის დროც დაგდგა. ბექაური-მურაოს დაპირისპირება აქამდეც გვინახავს, მაგრამ პარიზის ფინალს, ორივესთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ორთაბრძოლაც დაძაბული გამოდგა და ჩვენთვის არასასურველი სცენარით დაიწყო როცა იაპონელი დაწინაურდა, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა და ბექაურმა მეტოქეს ჯერ ანგარიში გაუთანაბრა, ორთაბრძოლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ვაზარი შეასრულა და ოლიმპიური ჩემპიონი კარიერაში ზედიზედ მეორედ გახდა.....
მერე კი იყო, დაუვიწყარი კადრი და ბექაურის მიერ წარმოთქმული, ქართველებისთვის მარტივად აღსაქმელი და გასაგები 3 სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მოიარა.
მერე კი ტატამზე ილია სულამანიძის გამოსვლის დრო მოვიდა. ქართველისა და აზერბაიჯანელის ფინალური ორთაბრძოლის დასასრული ყველას, ყოველთვის უსიამოვნო მოგონებად დარჩება, რა თქმა უნდა, გარდა, აზერბაიჯანელი კოცოევისა, რომელსაც ილია სულამანიძემ საკუთარი ბრძოლითა და შრომით მოპოვებული ოქროს მედალი, უბრალოდ უსახსოვრა. არადა, ყველაფერი სხვაგვარად დაიწყო. გადამწყვეტ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა სამი მეტოქე, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი, აარონ ვულფი დაამარცხა და ფინალის წინ, ბევრი მის გარდაუვალ გამარჯვებას აანონსებდა. ვაზარით დაწინაურებული ქართველი, ოქროს მედლამდე მშვიდად უნდა მისულიყო, თუმცა მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა.
ორთაბრძოლის დასრულებამდე 15 წამით ადრე, სულამანიძემ მეორე შიდო მიიღო, 8 წამში კი მსაჯმა ის მესამედაც გააფრთხილა და კოცოევისვე გასაკვირად, ოლიმპიური ჩემპიონი თავად კოცოევი გახდა. ფინალში ასეთი მარცხი მძიმე მისაღები და გადასატანია. სულამანიძეს, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რომ შეცდომა დაუშვა, ყველაფერი წინ აქვს და ამ ყველაფერში, მომდევნო 2 ოლიმპიადა ნამდვილად მოიაზრება.
ლაშა გურულმა ქართველებისგან, მთავარი ჯილდო - დამსახურებული მადლობა მიიღო. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორს კარიერაში მხოლოდ ოლიმპიადის მედალი აკლდა და ეს კოლექციაც ბოლომდე შეივსო. გურული ამ წონაში ერთ-ერთი გამორჩეულია და მისი ბრძოლის მანერიდან გამომდინარე, მედლის მოპოვების კანდიდატიც იყო.
ქართველმა მოკრივემ ჯერ აზერბაიჯანელ, მერე კი ყაზახს მოუგო და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, მაგრამ ნახევარფინალში კუბელ ალვარე ბორხესთან შეხვედრაში, რინგზე ტრავმირებული და ღია ჭრილობებით ავიდა.
იქამდე ჩატარებულ დაპირისპირებაში მიღებულმა დაზიანებებმა, ისედაც ძლიერი და გამორჩეული ბორხესის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში, თავისი როლი ითამაშა. ნახევარფინალში კუბელმა გაიმარჯვა, გურული კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, თუმცა ქართველმა ყველა ბრძოლაში, ყველაფერი გაიღო, არავის არაფერი დაუთმო, ბოლომდე იბრძოლა, თავი არავის დააჩაგრინა და რინგიც თავაწეულმა და ამაყმა დატოვა.
ქართველებისთვის 10 აგვისტო ყველაზე რთული და დაძაბული გამოდგა. ამ დღეს, ოქროს მედლის მოსაპოვებლად, ერთმანეთის პარალელურად იბრძოდნენ: ხალიჩაზე, გენო პეტრიაშვილი და ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე.
ქართველ მოჭიდავეს წინა ოლიმპიადებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები უკვე მოპოვებული ჰქონდა და ერთადერთი, რაც მის ყულაბას აკლდა, ოქროს სინჯის მედალი იყო. ის, რომ იაპონური ფინალის სცენარის გამეორება, სადაც პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონობა ხელიდან წამებში გაუშვა წარმოუდგენელი იყო, ყველაზე კარგად პეტრიაშვილი აცნობიერებდა. ამიტომ, ქართველმა მოჭიდავემ, ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა ერთი ამოსუნთქვით გაიარა. ფინალში კი მისთვის უხერხული მეტოქე ხვდა წილად – ამირ ჰოსეინ ზარე, რომელთანაც ქართველს ბოლო სამი შეხვედრა წაგებული ჰქონდა და ბევრი ფავორიტად ირანელს მიიჩნევდა, თუმცა ოქროსათვის ორთაბრძოლა თავიდანვე პეტრიაშვილის შთამბეჭდავი ჭიდაობით დაიწყო და ეს შედეგზეც აისახა, როცა ტაბლოზე ანგარიში
10:1 გახდა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ირანელის მიერ ზედიზედ მოპოვებულმა 8 ქულამ ქართველებს სანერვიულო გაუჩინა. შეხვედრის დასრულებამდე 42 წამით ადრე ანგარიში 10:9 გახდა და აქამდე, თითქოს უკვე გარანტირებულ ოქროს მედალს, საფრთხე დაემუქრა, თუმცა პეტრიაშვილმა დასახულ მიზანს მაინც მიაღწია, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და მართალია ჟესტიკულაციით, მაგრამ გვირგვინი ზარეს თვალწინ ხალიჩაზევე დაიდგა.
ლაშა ტალახაძე, რომ მსოფლიო სპორტის ცოცხალი ლეგენდაა ამაზე უკვე მრავალი წელია არავინ დავობს და დავაც აბსურდული და აზრს მოკლებული იქნებოდა იმ ფონზე, რომ ქართველი ძალოსანი პარიზში, 7 გზის მსოფლიოს, 7 გზის ევროპისა და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონის რანგში ჩავიდა. არც იმას ჭირდება მტკიცება, რომ ტალახაძე პლანეტაზე უძლიერესი და დაუმარცხებელია. პარიზის ოლიმპიადაზე თუკი ვინმეს რამე ჰქონდა დასამტკიცებელი, ერთადერთი ტალახაძე იყო, რომელიც ისევ საკუთარ თავს თუ მოუგებდა და თავისივე ნაჩვენებ შედეგებს გააუმჯობესებდა, თუმცა, ატაცში პირველად მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. ტალახაძემ მესამე ცდაზე 220 კილოგრამი ვერ დაძლია.
ქართველი ძალოსანი მიერ ეს გაცუდებული ცდა, წამიერი იმედის და ბედნიერების მომტანი იყო მისი მეტოქეებისთვის, თუმცა ეს იმედიც საპნის ბუშტივით იმ წამს გასკდა, როცა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდისგან, კიდევ ერთი მედლის მოპოვების მოლოდინი იყო. ამ იმედს ევროპის მოქმედი ჩემპიონის, გივი მაჭარაშვილის გამოსვლები იძლეოდა, რომელიც პარიზში მედლის კანდიდატად მიიჩნეოდა. ის რომ, ქართველი ფალავანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ნათლად დადასტურდა ფინალამდე ორთაბრძოლებში, სადაც მან მერვედფინალიდან მოყოლებული ყველა შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა. ფინალამდე, მის მიერ დაფიქსირებული ანგარიშები: 12:2, 11:0 და 5:0, გარანტირებულ მედალთან ერთად, იმის საფუძველსაც იძლეოდა, რომ უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვებაც სავსებით რეალური იყო. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, რომელიც ამ წონის ერთ-ერთი ფავორიტი, იყო, მაჭარაშვილს ქონდა შანსი ოლიმპიური თამაშები კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე დაესრულებინა და ამის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ქართველმა შედეგის მიღწევა შეხვედრის დებიუტშივე ნაჩქარევად გაკეთებული ილეთით სცადა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა და მაჭარაშვილი სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა.
შედეგად, საქართველომ პარიზის ოლიმპიური თამაშები 7 მედლით დაასრულა.
ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული სამი ოქრო ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა. ამიტომ, 2028 წელს, ლოს ანჯელესში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველების პოზიტიური მოლოდინი სავსებით გასაგები და მისაღებია, თუმცა იქამდე ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ოლიმპიადა სხვა შეჯიბრია. სხვა მიდგომა და განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მზადყოფნა სჭირდება. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პლანეტის, ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, დაშვებულ შეცდომებს არ ჰბატონობენ.
2025 წელი, ქართველი სპორტსმენებისთვის არანაკლები მნიშვნელობა და დატვირთვა ექნება, ვიდრე 2024-ს, რომელიც გამორჩეულად წარმატებული და ისტორიული გამოდგა, თუმცა დიდ გამარჯვებებს ველით. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. რამაზ სვანაძის გუნდმა პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში მოუგო ხორვატიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს და დამსახურებულად გავიდა ევროპირველობაზე, რომელიც 11-28 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება. საქართველო C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად პორტუგალია, საფრანგეთი და პოლონეთი ეყოლება. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი სლოვაკეთის 8 ქალაქში ჩატარდება და მასში კონტინენტის 16 ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს.
2025 წელს ვილი სანიოლის გუნდის პირველი გამოწვევა კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფი იქნება, რომელშიც სომხეთს ნაკრებს ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას სტუმრად ერევანში 20 მარტს გამართავს, საპასუხოს კი თბილისში - 23 მარტს და წარმატების შემთხვევაში ადგილს B დივიზიონში შეინარჩუნებს. ცნობილია, სომხებთან პირველ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია და კაპიტანი გურამ კაშია დაგვაკლდებიან. საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა იქნება, რომლის საკვალიფიკაციოსაც შემოდგომიდან დაიწყებს, სადაც ჯგუფში ჩვენი მეტოქეები თურქეთი და ბულგარეთი და ნიდერლანდები ან ესპანეთი იქნება. საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს ორი საშინაო მატჩით დაიწყებს. 4 სექტემბერს თურქეთს ხოლო 9 სექტემბერს ვუმასპინძლებთ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ძალიან კარგი შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშოს. შესარჩევ ჯგუფში ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის მეტოქეები სერბეთი, ფინეთი და დანია არიან. ევრობასკეტზე ადგილი, ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, გარანტირებული აქვს ფინეთს, ხოლო მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა სერბეთმა მიზანს ოთხივე თამაშის მოგებით მიაღწია და საგზური გაინაღდა. ბოლო საგზურისთვის კი საქართველო და დანია იბრძვიან. ამ დროისთვის, ქართველ კალათბურთელებს 2 მოგება და 2 წაგება აქვთ, დანიელების ბალანსი კი 1-3-ზეა. 21 თებერვალს საქართველოს ნაკრები დანიას თბილისში მიიღებს და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქესთან სტუმრად დანიაში 6 ქულის სხვაობით, 69:75 წააგო, ევრობასკეტზე გასასვლელად ამჯერად ნებისმიერი ანგარიშით მოგება ეყოფა. ასე, რომ ქართველი კალათბურთელები მიზანთან ძალიან ახლოს არიან. ევრობასკეთი, რომელშიც ტრადიციულად ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი გამოცდა ზაფხულში ელის. ცნობილია, რომ ბორჯღალოსნები ტესტმატჩს სტუმრად მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ჩაატარებენ. ცნობილია, რომ დაპირისპირება 19 ივლისს გაიმართება, შეხვედრის ჩატარების ადგილი და დრო კი მოგვიანებით დაზუსტდება. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონს ისტორიაში მესამედ შეხვდება. ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას პირველად 2003 წელს, მათთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე ეთამაშნენ და ანგარიშით 19:46 დამარცხდნენ. მეორედ, 2021 წელს დაუპირისპირდნენ და პრეტორიაში მასპინძლებმა ანგარიშით 40:9 მოგვიგეს. წელიწადი კი ბორჯღალოსნებისთვის, რაგბი ევროპის ჩემპიონატში გამოსვლით დაიწყება. ჩვენი ნაკრები 1-ელ თებერვალს ავჭალის სარაგბო სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ შვეიცარიას უმასპინძლებს, 8-ში კი იმავე არენაზე ნიდერლანდებს მიიღებს. ბორჯღალოსნები ჯგუფის დასკვნით თამაშს 16-ში, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებენ.
2024 წელს საქართველოში MMA-ს პოპულარობამ პიკს მიაღწია. ჯერ ილია თოფურიამ, შემდეგ კი მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრები მოირგეს და ისტორია დაწერეს. წარმატებებს ველით 2025-შიც. პირველს საქმეში მერაბ დვალიშვილს ვიხილავთ, რომელიც სუპერმსუბუქი წონის ტიტულის დაცვას 18 იანვარს, UFC 311-ზე შეეცდება, სადაც დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის 33 წლის ქართველ მებრძოლს, რომელიც ორგანიზაციაში 2017 წლიდან გამოდის, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო მისი ბოლო 4 მეტოქე ყოფილი ჩემპიონია. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისა და ამავდროულად, ესპანეთის ისტორიაში UFC-ის პირველ ჩემპიონს, ჯერჯერობით უცნობია, როდის, სად და ვის წინააღმდეგ მოუწევს ილია თოფურიას ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის მეორედ დაცვა, რომელიც 27 წლის თოფურიამ 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, ოქტომბერში კი ტიტული ამერიკელი ჰოლოუეის ვადაზე ადრე დამარცხებით შეინარჩუნა. ამასთან, UFC-ში დებიუტისთვის ემზადება ილია თოფურიას უფროსი ძმა, სიდნეიში, UFC 312-ის ტურნირზე გამართავს. ალექსანდრე, რომელიც პირველ ბრძოლას 9 თებერვალს, ავსტრალიის დედაქალაქ სმისი პირველი მეტოქე კოდი ჰადონი იქნება.
საქართველოსთვის მომავალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის მასპინძლობა იქნება, რომელიც 9-16 თებერვალს სამ ლოკაციაზე, თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ჩატარდება. ამ პერიოდში საქართველო, 48 ქვეყნის წარმომადგენელს, ზამთრის სპორტის რვა ოლიმპიურ სახეობაში უმასპინძლებს – სამთო-სათხილამურო და თავისუფალი სტილით სრიალი, სნოუბორდი, ბიათლონი, თხილამურებით რბოლა, ციგურებით რბოლა, ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი. ამ რანგის ასპარეზობის ჩასატარებლად მასშტაბური საორგანიზაციო სამუშაოების გაწევა გახდა საჭირო. სახელმწიფოს ჩართულობით, ოლიმპიადის სამასპინძლოდ ძალიან მალე მზად იქნება ახალი დარბაზები თბილისსა და ბათუმში. მოეწყობა ინფრასტრუქტურა ბაკურიანში და ქვეყანას ექნება, ზამთრის სპორტის სახეობების ისეთი დონის სპორტული ბაზები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასე, რომ 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით თბილისი, ბათუმი და ბაკურიანი, ზამთრის სპორტის მოყვარულთა ეპიცენტრად იქცევა, სადაც გულშემატკივრებს სასურველ სპორტულ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება, უფასოდ მიეცემათ.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი