03 იანვარი 2025,   23:55
ვრცლად
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს! ჩვენი ქვეყანა შეძლებს გაბრწყინებას და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას! - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას 2025 წელს ულოცავს. მისალოცი წერილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

"გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, თავისუფლებასა და სულიერ სიძლიერეს!

შეგვძლებოდეს, ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ძალისხმევის ღირსეული მემკვიდრეები - ხალხი, რომელიც პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და სამშობლოსადმი ერთგულებით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ვქმნით!

დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! ნაბიჯების, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება.

ერთად გავიარეთ რთული გამოწვევებით და გამარჯვებებით სავსე წელი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შეუპოვარია. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და თავად გადავწყვეტთ, როგორ ვატაროთ საქართველო მშვიდობის და წარმატების გზაზე.

დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს! მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ დაუღალავი შრომით, ერთმანეთისადმი სიყვარულითა და ნამდვილი პატრიოტიზმით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს გაბრწყინებას და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას!

საქართველოს სიყვარულმა გვაკურთხოს და გაგვაერთიანოს!

გილოცავთ!!!

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები" - წერია მისალოც წერილში.

დღის ამბები