01 იანვარი 2025,   11:44
ვრცლად
"ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს 2024 წელს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი

"წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით გვექნება წლევანდელი წელიც - პირველი ათი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა 10 პროცენტიანი ზრდა, უახლოეს ხანში გვექნება ნოემბრის და შემდეგ დეკემბრის მონაცემებიც, თუმცა, ეს სურათს ვერ შეცვლის და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს 2024 წელს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც არა ნომინალური, არამედ რეალური მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მოახერხა ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით არის გამოხატული.

"მომავალი წლის ეკონომიკა კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი - ასე ვგეგმავთ ხოლმე ყოველ წელს, რადგან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორია, რომლებიც შეიძლება რეალიზდეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით. აქედან გამომდინარე, მაკროეკონომიკური პარამეტრები ყოველთვის უფრო კონსერვატიულად იგეგმება. მათ შორის, 2025 წელსაც ეკონომიკურ ზრდას 6 პროცენტს ვფიქრობთ, დაახლოებით, 5.5 პროცენტზეა დაგეგმილი, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მაჩვენებელს მივაღწევთ“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა ვითარებაა ტურიზმის სექტორში და რა მოლოდინები აქვს ხელისუფლებას, ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ბოლო თვეებში თბილისის გარკვეულ უბნებში არსებული დემონსტრაციების გამო კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებზე ნეგატიურად აისახა პროცესები, თუმცა, მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა.

"ახლაც ვაკეთებთ კვლევას და მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა, მათ შორის, საკმაოდ მაღალია ბათუმში, თუ გასული წლის შესაბამის თვეებთან შევადარებთ. ასევე მაღალია აქტივობა მთის კურორტებზეც - ჯავშნები მაღალ პროცენტზეა. ვთვლით, რომ 2025 წელსაც ტურისტული სექტორი შეინარჩუნებს ზრდას და იმ საპროგნოზო მაჩვენებლებს, რომლებიც, მათ შორის, ტურიზმის კუთხით გვქონდა, მომავალ წელსაც შევასრულებთ - შეიძლება გარკვეულ თვეებში იყოს გარკვეული მერყეობა, მაგრამ წლიურ ჭრილში დაგეგმილ მაჩვენებლებს აუცილებლად მივაღწევთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

დღის ამბები