"ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე გააკეთა.
მან აქცენტი გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და გამოთქვა მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა გადაიტვირთება.
"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაცია და ჩვენს მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი, ხშირად გამოყენება სპეკულაციებისთვის, ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას, ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ვალია, მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დავუპირისპიროთ.
დღეს, ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. 2028 წლისთვის, ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველო ახლა მზად არის, ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები - ამაზეც არაერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და ნებისმიერ დროს, ჩვენი ქვეყანა მზად იქნება იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ პროცესი.
ისეთივე ურყევი და მტკიცეა ჩვენი პრიორიტეტი ასევე აშშ-თან, რომ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები სათანადოდ აისახება ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.