"პოლიტიკური შანტაჟის იარაღი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილზე გავლენა ვერ მოახდინა" - პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, შტატების მოქმედი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამდე, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი დე-ფაქტო სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფებოდა. საუბარია "კრედიტ სუისის" საქმეზე, რომლის ტრასტებსაც ივანიშვილმა ბერმუდასა და სინგაპურის სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო. თუმცა ახლა კუთვნილ, მილიარდ დოლარამდე, აქტივზე წვდომას ამერიკის ნებართვის გარეშე ვეღარ მიიღებს. სახელისუფლებო გუნდში დღეს ამერიკის საელჩოს ქარდიც გაიხსენეს, რომელშიც დიპლომატიური წარმომადგენლობა შვეიცარიულ ბანკთან დავას კომერციულს უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ საქმეს პოლიტიკასთან შეხება არ აქვს
პოლიტიკური შანტაჟის ელემენტებს "კრედიტ სუისის" საქმეში ოპოზიცია ვერ ხედავს. მათი მტკიცებით, შტატების სანქციები საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს წაახალისებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის სრულიად სამართლიანია ისიც, რომ ამერიკული სანქცია მის ფარგლებს გარეთ მოგებულ სასამართლო დავასაც შეეხო.
სანქციების პირდაპირ კავშირზე საუბრობენ უკრაინის ომსა და მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებასთან საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, მმართველი პარტიის დამფუძნებელი საქართველოსთვის ომის თავიდან არიდების გამო ისჯება. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილზე შანტაჟმა არ გაჭრა - შესაბამისად, ქვეყანამ მშვიდი განვითარების პერსპექტივა შეინარჩუნა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოქმედმა ადმინისტრაციამ, ბიძინა ივანიშვილი 27 დეკემბერს დაასანქცირა. სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ამერიკის ფარგლებს მიღმა მოგებული პროცესის მიუხედავად, კუთვნილ აქტივებზე წვდომა შტატების ნებართვის გარეშე შეეზღუდება.