თბილისში შეფასებების საგანია პოლიტიკური სიახლეები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში - მთავრობების კრიზისზე დისკუსია მოყვა ორგანიზაცია "ევროპის არჩევნების" მკვლევარისა და ბლოგერ ნასრედინის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსსაც. ის წერს, რომ ავსტრიაში მთავრობის მოლაპარაკებები ჩაიშალა; მოსალოდნელია, კანცლერობის კანდიდატი გადადგეს; საფრანგეთში რამდენიმე კვირაში ისევ კოლაფსი ელის; ანალოგიური ვითარებაა გერმანიაშიც... მისივე შეფასებით, ნიდერლანდებში უფუნქციო მთავრობაა, რომელიც პრაქტიკულად დაშლილია, თუმცა ჯერ არაოფიციალურად; ესპანეთში მთავრობა ბიუჯეტის პროექტს ვერ ამტკიცებს, ბელგიას კი ჯერ ისევ არ ჰყავს ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გაკეთდა მმართველ გუნდში.
"სამწუხარო ვითარებაა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც რიგ ქვეყნებში ახალი არჩევნები ელოდება მოსახლეობას, რიგ ქვეყნებში მთავრობა ვერ მტკიცდება. ამავდროულად, ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მაღალი თანამდებობის პირები, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ქვეყანაში აქვთ უდიდესი გამოწვევები, ამ დროს იცლიან და საქართველოზე აკეთებენ განცხადებებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს აქვს ერთი განსაკუთრებული მისია გარკვეული ძალებისთვის, ამ მისიას საქართველო არ ასრულებს და მასზე იძულების, თითის დაქნევისა თუ შანტაჟის მიზნით, ასეთი განცხადებები კეთდება. მაგრამ უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს, რაც არ უნდა შანტაჟი იყოს, ღირსეულ ქართველ ხალხს ვერ გადაადგმევინებენ იმ ნაბიჯებს, რომ მერე შესრულდეს ლომჯარიას სურვილი და რუსთაველზე ბომბების ცეცხლის წვიმა წამოვიდეს. ასეთი რამ არ მოხდება, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს "ქართული ოცნების" გუნდი, ქართველი ხალხის გვერდით დგომის გარანტიით", - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.