"ჰადსონის" ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოსთან დაკავშირებით გაჟღერებულ გზავნილებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.
დისკუსიაზე, რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობდა, ჯონ იულისონმა და ლორა თორნტონმა თქვეს, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და არ უნდა დაუშვან, ქვეყანაში ჩინეთის ან ირანის გავლენა.
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არაერთ ევროპულ ქვეყანას სურს.
"ჩინეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამ პარტნიორობამ ჩვენ, ფაქტობრივად, მყისიერად მოგვცა პირველი სიკეთეები, რაც იყო უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი ფრენების მიმართულებით. დღეს, ნებისმიერი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ ჩინეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდეს.
ამ თვალსაზრისით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყანა, ვინაიდან, თუნდაც შუა დერეფნის პროექტი ამ ყველაფრის ძალიან პოზიტიურ პოტენციალს ქმნის. ამ ადამიანების ასეთი განცხადებები მიუღებელია ჩვენთვის, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე, რომელიც მონურ მორჩილებაში უნდა იყოს ამ ადამიანების მიმართ მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ამაყი ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით.
ამ პროცესებში საქართველოს ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისა და აზიის კონტინენტების დაკავშირების მიმართულებით.
როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ და, პარალელურად, ვხედავთ ჩვენ, რომ სულ უფრო იზრდება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ინტერესი, ამ ადამიანების მხრიდან ეს არ არის გულწრფელი განცხადებები და სრულიად სხვა ინტერესები დგას მის უკან," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.