10 იანვარი 2025,   21:40
ვრცლად
"თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ" - ონისე ცხადაძე

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. დღეს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გადაისინჯოს.

ადვოკატები სასამართლოს გირაოს სთავაზობენ, პროკურატურა კი პატიმრობას ითხოვს.

სხდომას ესწრებიან თავად აქციის დროს დაკავებულები, ნაწილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს.

სიტყვით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ.

"ძალიან უცნაური პროცესია, ვერ ვხვდები რა ხდება... ახლა გამახსენდა, არის ეგეთი კაფკას პერსონაჟი ჯოზეფ კ, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის, რა ხდება მის თავს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ეს რომანი არის აბსურდისა და გაურკვევლობის შეგრძნებაზეა. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-მეთქი და რაღაცნაირად მოხერხდა," - აღნიშნა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე.

სასამართლოზე ისაუბრა ასევე, ონისე ცხადაძემ.

"რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ცოტათი განსხვავებული დამნაშავე.

თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატეთ," - მიმართა ონისე ცხადაძემ სასამართლომ.

მოსამართლეს მიმართა კიდევ ერთმა დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ.

"აქციაზე ყოველდღე დავდიოდი, ნიღაბი კი არა, პირბადეც არ მკეთებია. რა მიმალვის საფრთხე, ვის დავემალები, პირიქით, ყველამ გაიგოს. შესაძლებლობა რომ მქონდეს ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი და პირიქით, იმით შევაწუხებდი ხალხს რომ ჩემს ვინაობას ვეტყოდი და არა იმით, რომ დავიმალებოდი," - აღნიშნა რევაზ კიკნაძემ.

დღის ამბები