10 იანვარი 2025,   19:42
ვრცლად
"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ არსებობს... ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის იქნება იმ ფორმატში, რაც ჩინეთს აწყობს" - თამაზ დათუნაშვილი

"ჰადსონის" ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოსთან დაკავშირებით გაჟღერებულ გზავნილებს ოპოზიციაში ეხმაურებიან.

დისკუსიაზე, რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობდა, ჯონ იულისონმა და ლორა თორნტონმა თქვეს, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და არ უნდა დაუშვან, ქვეყანაში ჩინეთის ან ირანის გავლენა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არ არსებობს და ეს ციფრებშიც აისახება, რადგან დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა.

"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ არსებობს. ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, ეს ცალსახაა. ევროკავშირი და აშშ არიან ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორები და მთელი გეოპოლიტიკური ბრძოლა მიდის იმაზე, რომ სავაჭრო ბალანსი იქნას დაცული. რიცხვები ამბობს, რომ მაგ ხელმოწერის შემდეგ, ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებში არაფერი არ შეცვლილა. ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის იქნება იმ ფორმატში, რაც ჩინეთს აწყობს. საქართველოს სუვერენული ინტერესები ყოველთვის ემთხვევა აშშ-ისა და ევროკავშირის სუვერენულ ინტერესებს," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე კი მიიჩნევს, რომ ამ განცხადებებში არა ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ საგარეო ვექტორის ცვლილება იგულისხმებოდა.

"ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა შეიძლება მისასალმებელიც იყოს, მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქ არ იგულისხმება მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობა. ეკონომიკური თანამშრომლობის საფარქვეშ მოიაზრება პოლიტიკური ვექტორის ცვლილება და ეს არის ის მთავარი წუხილი, რაც შეიძლება დღეს არსებობდეს როგორც აშშ-ში, ისე ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები