10 იანვარი 2025,   20:36
ვრცლად
"ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გადაწყვიტა ეთქვა, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, უბრალოდ მოიტყუეს" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ბუნდესტაგის ოთხი პოლიტიკური ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერების მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყო ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს "თავხედური ტყუილია", ხოლო ბუნდესტაგის დეპუტატები თანამედროვე მსოფლიოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით, მათი "ქართული აგენტურისთვის" მხარდაჭერას ცდილობენ.

"რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა, იცით? ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერა ხელი, უბრალოდ ეთქვა, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. აბა ერთი ვინმეს კითხვა დაუსვით: ამას თუ გმობენ, თუ გამოასწორებენ ამას... მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე რომელიმე ქართველ დეპუტატს, მაგალითად მდინარაძეს და ა.შ. უბრალოდ ასე, ძალით გვჯობნიან, რომ ინფორმაციის გავრცელების მეტი რესურსი აქვთ.

მთელ დანარჩენ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოშიო. ეუთო/ოდირმა რომ აღიარა [არჩევნების შედეგები], ეს ამით იყო გამოწვეულიო [ხომ უნდა ეთქვათ], არ შეწუხდნენ და უბრალოდ მოიტყუეს. ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა, თავიანთი ქართველი აგენტურის, ჯაშუშების მხარდასაჭერად, უბრალოდ ადგნენ და თქვეს, რომ ეუთო/ოდირის მისია თურმე საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში. ასეთი თავხედური და ხელის გადაგრეხის ძალიან ბინძური მეთოდების შემსწრე ვართ, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები