მორიგი დაძაბული და ექსტრემალური სანახაობის მოლოდინში - გუდაური ზამთრის სპორტის მოყვარულების ყურადღების ეპიცენტრშია. საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტი, მიმდინარე წელს მსოფლიო თასის ორ ეტაპს უმასპინძლებს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით 28 თებერვალს და 1 მარტს მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსის, 8-9 მარტს კი – სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართება.
საერთაშორისო ღონისძიებებში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათლეტები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირები ევრო სპორტსა და სხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე, მილიონობით გულშემატკივრებისთვის გაშუქდება. გუდაურს არაბთა გაერთიანებული ემირატების გუნდი ეწვია. 22 კაციანი დელეგაცია იაპონიაში გასამართი შეჯიბრისთვის სლალომის, გიგანტური სლალომისა და სნოუბორდ სლალომის დისციპლინებში მოემზადება.
წელს 20-21 დეკემბერს ბაკურიანში მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი ჩატარდა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საქართველო, წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისა და მსოფლიო თასების შემდეგ, ყოველწლიურ კალენდარში ჩასვა. საქართველოს სამთო კურორტები ზამთრის სპორტის მოყვარულთა წრეში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მოახლოებული ტურნირებისთვის განსაკუთრებულად ემზადება გუდაური. გარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა, ხელოვნური გათოვლიანების პროცესი მიმდინარეობს. ტურნირების რეგლამენტის მიხედვით, აუცილებელია მაღალი ხარისხის ხელოვნური თოვლი.
საქართველოში, ფისის ეგიდით ტურნირები უკვე მესამე წელია იმართება. მსოფლიო თასებზე ამ დისციპლინების საუკეთესო სპორტსმენები ასპარეზობენ.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი.