16 აგვისტო 2026,   00:22
ვრცლად
საგოლე გადაცემა და პარიზელი გულშემატკივრების უპრეცედენტო დახვედრა - დიდი მოლოდინის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ფრანგულ კლუბში შედგა

დიდი მოლოდინის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ფრანგულ კლუბში შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა 7- ნომრიანი მაისურით ლიგა ერთში პირველად ითამაშა. მატჩის დაწყებამდე კი პესეჟემ კვარაცხელია გულშემატკივრებს წარუდგინა – პარიზული კლუბის ახალმა შვიდიანმა ქომაგების ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურა. მთელი სტადიონი სკანდირებდა ხვიჩას.

პარიზის ქუჩებში ნაცნობი ადგილები უკვე აღმოაჩინა. სიყვარულის და სინათლის ქალაქი ახლა მისი ყოველდღიურობაა. მანამდე კი პარიზული თავგადასავალი სამედიცინო შემოწმებით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

შემდეგ კლასიკური სამოსი მოირგო და ტრადიციული ინტერვიუს დროც დადგა.

გულშემატკივრებს, პირველ რიგში, მისი გვარის სწორად წარმოთქმას ასწავლის. იცის, რომ რთულია, თუმცა ფრანგ ფანებს ალტერნატივასაც სთავაზობს.

თავბრუდამხვევი ნეაპოლიტანური კარიერის შემდეგ, ქართველი ფორვარდი "პარი სენ ჟერმენის" რიგებს უკვე ოფიციალურად შეუერთდა. სიყვარულის ქალაქი კვარას სიყვარულით და მომავლის იმედით შეხვდა.

მესი, ნეიმარი, მბაპე და თანამედროვე ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები - მათ პსჟ-ს მაისურით არაერთხელ მოიგეს პრესტიჟული ჩემპიონატები, მათ შორის, 12-ჯერ საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი, 15-ჯერ საფრანგეთის თასი და 13-ჯერ სუპერ თასი. ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიან გუნდში, ხვიჩა კვარაცხელია 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მანამდე პსჟ-ს 7 ნომერი კილიან მბაპეს ეკუთვნოდა, რომელიც ახლა კარიერას "მადრიდის რეალში" განაგრძობს.

"ნაპოლი", "სკუდეტო" და ათი ათასობით ნეაპოლელი გულშემატკივარი - ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ფურცელია. ახლა კვარა პარიზელების გულის და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადება. გეგმავს, ფრანგების გულებშიც ისეთივე კვალი დატოვოს, როგორც ეს იტალიაში მოახერხა. "ნაპოლის" ისტორიაში კი, მის ანგარიშზე რჩება 30 გოლი, 24 საგოლე გადაცემა და 33 წლის შემდეგ პირველად მოგებული იტალიის ჩემპიონატი.

პარიზში ხვიჩა უკვე დიდი ყურადღების ცენტრშია. მას აკვირდებიან ქუჩაში, მოედანზე, ტრიბუნებზე და სოციალურ ქსელებშიც. პსჟ-ს ოფიციალურ პლატფორმებზე კვარაცხელიას ფოტო და ვიდეორგოლები უკვე ყველა რეკორდს ხსნის.

ახალი რეკორდების მოსახსნელად ქართველი ფორვარდი უკვე მზად არის.

დღის ამბები