08 ოქტომბერი 2024,   20:53
ვრცლად
რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფებამ აიღო

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილის ამსახველი ვიდეო–მასალა მთელი დღის განმავლობაში არც ერთ მედია საშუალებას არ გაუვრცელებია, დღის ბოლოს კი ისლამისტურ საიტებზე დაიწერა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. რადიკალ ისლამისტებს არ დაუკონკრეტებიათ, როგორ შეძლეს თვითმფრინავის ჩამოგდება, თუმცა მტკიცებულებად დაბალი ხარისხის რამდენიმე წამიანი ვიდეო გამოაქვეყნეს.

თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსიას ეგვიპტის ხელისუფლება და სამხედრო ექსპერტები კატეგორიულად გამორიცხავენ. სპეციალისტების განცხადებით, რეგიონში მოქმედი მებრძოლები არ ფლობენ ისეთ სისტემას, რომელსაც სამიზნის განადგურება 4 ათასი მეტრის სიმაღლის ზევით შეუძლია. ლაინერი კი, რადარებიდან გაუჩინარების მომენტში, თითქმის 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

თვითმფრინავმა, რომელიც რეისს შარმ-ელშეიხიდან პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა სინის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ არიშის მახლობლად განიცადა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ლაინერი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის 3 უკრაინის, დანარჩენები კი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

ტრაგედიის გამო რუს ხალხს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ, ვლადიმერ პუტინმა კი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 1 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ავტორი: ნინბო დვალიშვილი.

დღის ამბები