20 მარტი 2025,   06:46
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 პირი, მათ შორის 19 რეალიზატორი - აღიარებენ თუ არა დაკავებულები ბრალს და რა ნივთმტკიცებები ამოიღო პოლიციამ მათი ჩხრეკისას

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეო მასალაში ჩანს, თუ როგორ ყიდიან გამსაღებლები სხვადასხვა სახის მძიმე ნარკოტიკებს. "ჰეროინი", "ამფეტამინი", "სუბოქსინი", "ბუპრენორფინი" და "მეტადონი" - ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ამოიღეს. აკრძალული ნივთიერებების გასხვისება ხდებოდა, როგორც ე.წ. დადების პრინციპით, ისე ხელიდან ხელში გადაცემის გზით.

თბილისი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და შიდა ქართლი - ამ რეგიონებში კრიმინალური პოლიციისა და პროკურატურის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ დაკავებულია 22 პირი, მათ შორის 19 რეალიზატორი. ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში პოლიციამ რამდენიმე საკონტროლო შესყიდვაც განახორციელა. მოპოვებული ვიდეო მასალა კი ახლა საქმის მთავარი მტკიცებულებაა.

საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დაკავებულ ნარკორეალიზატორებს შორის არიან აზერბაიჯანის, რუსეთის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეებიც. ბრალდებულების ნაწილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილმა კი გავრცელებულ ფარულ ვიდეო მასალაში საკუთარი თავი ვერ ამოიცნო.

ნარკოტიკების გასაღების ერთ-ერთი ლოკაცია სოფელი ფონიჭალაა - სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციამ გაჩხრიკა საცხოვრებელი სახლები, რა დროსაც ნარკოტიკებთან ერთად, ამოიღეს რეალიზაციისგან მიღებული თანხა, დასაფასოებლად საჭირო წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ბრალდებულების ახლობლები დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებულებს სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები