21 მარტი 2025,   10:57
ვრცლად
ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის დიდი სანახაობა დაიწყო - ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე პირველი საშეჯიბრო დღე შედგა, სადაც ხუთი ქართველი ათლეტი გამოვიდა

ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის დიდი სანახაობა დაიწყო. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ მეჩვიდმეტე ოლიმპიადაზე პირველი საშეჯიბრო დღე შედგა, სადაც ხუთი ქართველი ათლეტი გამოვიდა. საქართველოს სახელით, გიგანტურ სლალომში ოთხმა, ბიატლონში კი – ერთმა სპორტსმენმა იასპარეზა.

ახალგაზრდა ქართველმა ბიატლონისტმა, შიო ქუჩუკიანმა ასპარეზობა 64-ე ადგილზე დაასრულა. სლალომში ქართველებიდან საუკეთესო შედეგი ირაკლი ხერგიანმა აჩვენა, რომელმაც 43-ე ადგილი დაიკავა.

ხვალ საქართველოს სახელით კიდევ ორი სპორტსმენი გამოვა. შეჯიბრი ქალთა შორის, გიგანტურ სლალომში გაიმართება და მონაწილეობას ნელი უსტიმენკო და ანასტასია მირიანაშვილი მიიღებენ.

ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ ბაკურიანში გაიხსნა. შეჯიბრებები საქართველოს სამ ქალაქში, ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. საქართველოს სახელით სპორტის 3 დისციპლინაში, ჯამში 8 ათლეტი იასპარეზებს.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. დახურვის ოფიციალური ცერემონია 16 თებერვალს, ბაკურიანში გაიმართება.

დღის ამბები