
მასკის მიერ მხარდაჭერილმა, გერმანულმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ევროპარლამენტში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა.
დოკუმენტის თანახმად, AfD გმობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და ადასტურებს, რომ "საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა და ის უნდა იყოს თავისუფალი გარე იძულებისა და ზეწოლისაგან".
რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში, ხოლო ქართველმა ხალხმა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. დოკუმენტის თანახმად, "საქართველოს ახალი მთავრობა რჩება ევროინტეგრაციის ერთგული და აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემით".
ამასთან, რეზოლუცია "მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია დიალოგში და არ დააწესონ ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებიც უგულებელყოფენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობას".
ამავე დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ზეწოლა საქართველოზე, მათ შორის სანქციებით მუქარა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერება, წარმოადგენს გაუმართლებელ სადამსჯელო მიდგომას, რომელიც რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაშორებას იწვევს.
პარტია ხაზს უსვამს, რომ ინსტიტუტებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საერთაშორისო სამართლით აღიარებული სუვერენიტეტი, გაეროს წესდება და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები.
"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს სრული უფლებამოსილება, განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხოური აქტორების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარტია "მოითხოვს, ევროკავშირმა შეწყვიტოს ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერა, რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და, ამის ნაცვლად, ფოკუსი ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის ხელშეწყობაზე გადაიტანონ".