უკვე ექვსი საათია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე იმყოფება. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ის უკვე მეორედ აძლევს ჩვენებას.
ამავე საქმეზე პროკურატურაში დილიდან, ოთხი საათის განმავლობაში, იმყოფებოდა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ბიძინა გიორგობიანიც. გამოკითხვის დასრულების შემდეგ გიორგობიანმა განაცხადა, რომ კვლავ ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, ამიტომ მისი გამოკითხვა კვლავ გაგრძელდება.
მისივე თქმით, მათ მტკიცებულებები მიიტანეს იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებდნენ.
"ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, კიდევ ბევრი კითხვა დაგვრჩა პასუხგაუცემელია. შევთანხმდით, რომ ხვალაც გაგრძელდება გამოკითხვა, წარმოვიდგინე ყველა მამტკიცებელი საბუთები, რაც გაგვაჩნია, ეს მამტკიცებელი საბუთები არ არის რაიმე წყაროებიდან მოპოვებული, რომელიც არ არის საჯარო, ჩვენს მიერ მოტანილი ყველა მტკიცებულება არის თვითონ ე.წ. ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ამოკრებილი, იმ განცხადებებიდან, რომელიც მათ მოქმედებებში აისახებოდა, თბილისში მიმდინარე ანტისახელმწიფოებრივი აქციების მსვლელობისასა", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.