30 აგვისტო 2026,   01:37
ვრცლად
"არავის სჯერა იმ ადამიანის, რომელიც სააკაშვილის წარმომადგენელი და "კოლექტიური ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერია" - გურამ მაჭარაშვილი "კაბელების საქმის" ერთ-ერთ მოსამართლეზე, დავით ჯუღელზე

"დღევანდელ მოცემულობაში ნამდვილად არავის სჯერა იმ ადამიანის, რომელიც არის პატიმარ სააკაშვილის წარმომადგენელი და "კოლექტიური ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი მხარდამჭერი," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილ მოსამართლე, დავით ჯუღელზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, რთულია იმ ადამიანის სიტყვები დაიჯერო, რომელიც, მისი შეფასებით, წლებია, მიხეილ სააკაშვილს წარმოადგენს.

"ბატონი ჯუღელი კარგად ვიცით, რომ არის წარმომადგენელი სააკაშვილის. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სააკაშვილმა დააანონსა და სოფო ჯაფარიძეს დაავალა, რომ რეგიონებში გასულიყვნენ, იქაც იყო ბატონი ჯუღელი, ანუ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ იყო ჩაბმული. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პირაპირი წარმომადგენელია პატიმარი სააკაშვილის და ასეთი ადამიანისგან, თუ ერთ სიტყვას მაინც ვინმე დაიჯერებს, ესეც მათი პრობლემაა. დღევანდელ მოცემულობაში ნამდვილად არავის სჯერა იმ ადამიანის, რომელიც არის პატიმარ სააკაშვილის წარმომადგენელი და "კოლექტიური ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი მხარდამჭერი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეფასებები ისმის ოპოზიციაშიც.

"მაშინ, როდესაც თავად მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს [ე.წ. კაბელების საქმეს] უძღვებოდა ღიად ამბობს, რომ მასზე მიდიოდა არამხოლოდ ზეწოლა და მოქრთამვის მცდელობები, არამედ, შვილის გატაცებითაც კი ემუქრებოდნენ, ამ ვითარებაში [ხელისუფლება] ახლა ცდილობს ამის საპირწონედ თქვას, რომ კონკრეტულად ეს მოსამართლე "ნაციონალია," - ამბობს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის, "კაბელების საქმის" ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, წლების წინ მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ მას 10 წლის წინ შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ, ასევე, სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ფულს სთავაზობდნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჯუღელი" ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლებთან დაახლოებული პირია, რის გამოც მისი განცხადებები მიკერძოებულია.

დღის ამბები