"ბატონი ჯუღელის არის ერთი ჩვეულებრივი "ნაცი," აგენტურის წარმომადგენელი ადამიანი" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ყოფილ მოსამართლე, დავით ჯუღელზე დასმულ კითხვას უპასუხა.
"რომ არ იყვნენ ასე სასოწარკვეთილები, მათ მიძინებულ აგენტებს არ გააღვიძებდნენ. ბატონი ჯუღელის არის ერთი ჩვეულებრივი "ნაცი," აგენტურის წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც ახლა გამოდის, ათას ტყუილს და ჭორს იგონებს, იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობის" პატრონების დავალებები შესრულდეს და როგორმე ჩვენს ქვეყანაში გადატრიალება მოხდეს," - ამბობს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, "კაბელების საქმის" ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, წლების წინ მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ მას 10 წლის წინ შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ, ასევე, სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ფულს სთავაზობდნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჯუღელი" ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლებთან დაახლოებული პირია, რის გამოც მისი განცხადებები მიკერძოებულია.