ისტორია გრძელდება – ევრობასკეტის საგზური ოფიციალურად განაღდებულია. საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა დანია 62:60 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ნახევარი, ეროვნული ნაკრებმა 12 ქულიანი უპირატესობით, 37:25 დაასრულა. თამაშის მეორე ნახევარი კი თითქმის თანაბარი ანგარიშით წარიმართა. საბოლოოდ, შეხვედრის ბედი დასრულებამდე 6 წამით ადრე, დუდა სანაძის ორქულიანმა გადაწყვიტა და ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებაც იზეიმა.
თამაშის მიმდინარეობისას ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 19 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება. 16 ქულა დააგროვა დუდა სანაძემ. დანიის ნაკრების რიგებში კი საუკეთესო შედეგი, 14 ქულით კევინ ლარსენმა აჩვენა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მიერ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, სამწვრთნელო შტაბი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტს ღირსების ორდენზე წარუდგინეს.
მთავრობის მეთაური თბილისი არენაზე გამართულ მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ირაკლი კობახიძემ გადამწყვეტი თამაშის შემდეგ, სპორტსმენებს გამარჯვება პირადად მიულოცა.
ეროვნული ნაკრების თამაშს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და კალათბურთელებს გამარჯვების მოპოვებისთვის მადლობა გადაუხადა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გამართული 5 შეხვედრიდან სამი მოიგო. ბოლო შეხვედრას კი ნაკრები 24 თებერვალს ბელგრადში გამართავს. მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისთ მნიშვნელობა არ ექნება და გუნდი G – ჯგუფში მეორე ადგილს შეინარჩუნებს. დანიასთან გადამწყვეტი მოგების შემდეგ, ცნობილი გახდა ისიც, რომ ევრობასკეტ 2025-ზე ეროვნული ნაკრების რიგებში გიორგი შერმადინი ბოლოჯერ ითამაშებს. შერმადინი კარიერას ესპანურ კლუბში გააგრძელებს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.