
This is a modal window.
გუმისთის ბრძოლების 32-ე წლისთავზე, კონფლიქტის დროს დაღუპულები, ტრადიციულად, გმირთა მოედანზე გაიხსენეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"დღეს 32 წელი გავიდა გუმისთის შეტაკებიდან, სადაც ჩვენმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, ამ უთანასწორო და სასტიკ ბრძოლაში ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.
ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ჩვენი გმირი არტილერისტები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და მათდამი სიყვარული და პატივისცემა მომავალ თაობებს გადავცეთ," - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა.
1993 წლის 15-16 მარტს შეტაკება მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ, რვა კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა. შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. ბრძოლაში განსაკუთრებული როლი არტილერიას ჰქონდა. 16 მარტს მოწინააღმდეგემ უკან დახევა დაიწყო და გუმისთა მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა.