27 მარტი 2025,   00:56
ვრცლად
საია-ს თავმჯდომარე "გამჭვირვალობის კანონის" სტრასბურგში გასაჩივრებაზე: რუსული კანონი გასაჩივრებული გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში - ამ დავის ფარგლებში, არ მოგვითხოვია უზრუნველყოფის ამ ფორმის [კანონის შეჩერება] გამოყენება კონკრეტულ დროს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "გამჭვირვალობის კანონის" გასაჩივრების დროს, დროებითი ღონისძიების სახით, კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ.

"ჩვენ რუსული კანონი გასაჩივრებული გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს საქმე აერთიანებს 140 სუბიექტს, ვინც დავობს ამ კანონთან დაკავშირებით. ეს გაიგზავნა, თუ სწორად მახსოვს, 17 ოქტომბერს და ჩვენ ამ დავის ფარგლებში არ მოგვითხოვია ამასთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ამ ფორმის [კანონის შეჩერება] გამოყენება კონკრეტულ დროს", - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძე პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ მოითხოვეს კანონის შეჩერება ევროპულ სასამართლოში მაშინ, როცა იმავე საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვეს და აღნიშნავს, რომ "ერთმანეთისგან განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების პროცედურები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურები".

"ჩვენ მივყვებით იმ პროცედურებსა და მექანიზმებს, რაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო, ეს კანონი შეეჩერებინა. ამის წინაპირობები, როდესაც იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, მაშინ მოვითხოვდით", - აცხადებს საიას თავმჯდომარე.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა და როდისთვის აპირებენ დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერებას, ქურდოვანიძე განმარტავს, როცა საჭიროდ ჩათვლიან.

"ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები და ჩვენ არასდროს, არც მაშინ გამოგვირიცხავს ეს შესაძლებლობა და არც ახლა გამოვრიცხავთ. როდესაც ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ მივმართავთ შესაბამის მექანიზმებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.