
საგამოძიებო კომისია, დღეს, 2008 წლის ომთან დაკავშირებით მსჯელობას გეგმავს. მთავარი განსახილველი საკითხი აგვისტოს ომი და 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაა.
ამ თემაზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში დაბარებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ოქრუაშვილი და გრიგოლ ვაშაძე. აპირებენ თუ არა ისინი სხდომაზე მისვლას, უცნობია.
პარტიის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, 2008 წლის ომზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი და შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე.
"2008 წლის ომთან დაკავშირებით თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, ეს არის ოკუპანტი რუსეთი. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც თავისი არსით, შინაარსით არის არალეგიტიმური, თუმცა საზოგადოებამ ასევე იცის ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომში - ეს არის რუსეთი, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი და, რომლის პოლიტიკამ იმსხვერპლა მშვიდობიანი მოქალაქეები", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.