
პარლამენტის საგამოძიებო კომისია, დღეს, 2008 წლის ომთან დაკავშირებით მსჯელობას გეგმავს.
მთავარი განსახილველი საკითხი, აგვისტოს ომი და 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაა.
ამ თემაზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში დაბარებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ოქრუაშვილი და გრიგოლ ვაშაძე. აპირებენ თუ არა ისინი სხდომაზე მისვლას, უცნობია.
მიმდინარე პროცესს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია გამოეხმაურა.
"მნიშვნელოვანია შეფასდეს იმ საჯარო მოხელეების, თანამდებობის პირების ჩართულობა ამ ომში, რომლებსაც კონკრეტული ბრალი მიუძღვით, როგორც ქვეყნის, ისე ქართველი ერის წინააღმდეგ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, 1633-ს მოაწერეს ხელი, რომლითაც ფაქტობრივად აღიარეს ის, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება.
ასევე ისინი სრულად ეთანხმებოდნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სხვადასხვა ბრალდება გაჟღერებული იყო ქართული მხარის მიმართ და ჩვენ ასევე ვიცით, რომ მათ გამოძიებას დაუმალეს ისკანდერების ნაწილები, რათა არ დამდგარიყო რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.