
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში უთანხმოება გრძელდება - "თავისუფლების მოედანი", რომელმაც ცოტა ხნის წინ კოალიცია "ძლიერი საქართველო" დატოვა და პარტიაც დააფუძნა, აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე ანგარიშვალდებულებას გრძნობენ და ამაზე იმსჯელებენ.
ლევან ცუცქირიძის თქმით, ეს არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება სამმა ადამიანმა მიიღოს პარტიაში.
"ლელოში" ჯერ ცუცქირიძის განცხადებისთვის არ უპასუხიათ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობა". მმართველ გუნდში კი ისევ აცხადებენ, რომ ოპოზიცური პარტიები გარე ძალების დირექტივას ელოდებიან.
"თუ არაფერი არ შეიცვალა ქვეყანაში და თუ "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა ყველანაირი კანონმდებლობის, ყველანაირი ინსტიტუტის პარტიული კონტროლის ქვეშ დაქვემდებარება, მაშინ ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი და გზა არის საყოველთაო ბოიკოტი ამ არჩევნების, და "თავისუფლების მოედანი" ასეთ საყოველთაო ბოიკოტს მხარს დაუჭერს და მასში მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ, თუ არ იქნება ასეთი ტიპის საყოველთაო ბოიკოტი და იქნება განსხვავებული აზრები, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჩვენ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ამაზე დავფიქრდებით, გვექნება მსჯელობა", - აცხადებს პარტიის "თავისუფლების მოედანი" თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე.
ავტორი: კესო ქაფიანიძე