
საფრანგეთში, საჰაერო შოუს რეპეტიციის დროს, ორი Alpha Jets-ის ტიპის თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა და ჩამოვარდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
საფრანგეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ცნობით, სამივე პილოტმა კატაპულტირება დროულად მოახერხა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა სამშაბათს, სენტ-დიზიეს საჰაერო ძალების ბაზასთან შუადღისას, დაახლოებით 15:35 საათზე მოხდა. აღმოსავლეთ საფრანგეთის ეს ქალაქი ზაარლანდის საზღვრიდან, დაახლოებით 180 კილომეტრში მდებარეობს.
წინასწარი მონაცემებით, შეჯახების დროს, ავიაშოუზე ჰაერში Alpha Jet-ის ექვსი თვითმფრინავი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ხმელეთზე არავინ დაშავებულა.