
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, იმდროინდელი მაღალი თანამდებობის პირებმა, დაადასტურეს, რომ სააკაშვილის რეჟიმს არ შეუტყობინებია ცხინვალის რეგიონში მყოფი მოსახლეობისთვის, დაუცველი, შეუიარაღებელი, პირებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის შესახებ, რომ ისინი სასიცოცხლო საფრთხის წინაშე იყვნენ.
წულუკიანის თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა რეალურად, მოსახლეობა იქ ჩატოვა და მათ უკვე შეუძლიათ ივარაუდონ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო განზრახ გაკეთებულიც.
"არაერთმა პირმა, სულ ბოლოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა, მანამდე ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ, თქვეს, რომ 2004 წლის აგვისტოში და 2006 წელს, სააკაშვილის მილიტარისტული პოლიტიკის გამო, საქართველომ გაიარა ბეწვის ხიდზე. გარკვეული ჯგუფი, პოლიტელიტა, რომელსაც ელიტის არაფერი გააჩნდა, ჩვეულებრივი ხროვა, რამდენიმე ბიჭი, ძირითადად ღამღამობით ჩაიკეტებოდა და იღებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ისე, რომ როგორც ეს დღეს დადასტურდა, ქვეყნის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი ბოლომდე არ იყო საქმის კურსში. 400-მდე სოფელი იქნა ოკუპირებული 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში და აგვისტოს ომის შედეგად, სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა, დამატებით, საქართველოს დაუკარგა 111 სოფელი. მაღალი თანამდებობის პირებმა, რომლებიც იმ დროს ამ პოზიციებს იკავებდნენ, დაადასტურეს, რომ სააკაშვილის რეჟიმს, (იცოდა რა წინასწარ, რომ საომარი მოქმედებები იწყებოდა), არ შეუტყობინებია ცხინვალის რეგიონში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის, დაუცველი, შეუიარაღებელი, პირებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე. რეალურად, მოსახლეობა იქ ჩატოვეს და ჩვენ უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო განზრახ გაკეთებულიც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.