
ორმაგი სტანდარტი - ასე აფასებს "ქართული ოცნება" მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს ორმაგი სტანდარტი არ არის, რადგან, მათივე თქმით, ლატვიას და მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ყოველთვის ძალიან მკაფიო პოზიცია ჰქონდათ რუსეთთან დაკავშირებით:
"ორმაგი სტანდარტი არ გახლავთ იქიდან გამომდინარე, რომ ლატვიას და მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ყოველთვის ძალიან მკაფიო პოზიცია ჰქონდათ რუსეთის იმპერიულ ომებთან დაკავშირებით. მათზე საუბარი, რომ ისინი რაიმე ტიპით თანამშრომლობენ პუტინის რუსეთთან, უბრალოდ არაადეკვატურია. ძალიან ბევრმა იცის, რომ ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ვერანაირი ეკონომიკური თუ სხვა მიზეზით ვერ დაადანაშაულებს ვერავინ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომ ისინი რაიმე სახით არიან თანამშრომლობაში პუტინის რუსეთთან,"- აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლატვიის მთავრობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს, თავად აქტიურად არის ჩართული რუსეთთან ვაჭრობაში.
სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს "ქომთრეიდის" პლატფორმის მონაცემების მიხედვით, ლატვიამ წლის განმავლობაში იმპორტი ორჯერ გაზარდა.