
მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში არ მივა, თუმცა მზად არის, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხოს. მის წინააღმდეგ ძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსმა უარი თქვა ამავე კომისიასთან თანამშრომლობაზე. სავარაუდოდ, იგივე პროცედურები ელოდება ბადრი ჯაფარიძეს.
როგორც "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ გააგრძელებენ ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას.
"მამუკა ხაზარაძე მზად არის, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის კოალიცია "ძლიერ საქართველოს" და მისი ლიდერების მხარეს. ჯაფარაძის საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის და მათგან დამატებით პოლიტიკურ ნაბიჯებს ველოდებით. მზად ვართ, გამოწვევა მივიღოთ. ჩვენ საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს ჩვენ პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას," - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
"ლელოს" ლიდერები პარლამენტში "მაგნატის" საქმის განხილვაზე დაიბარეს. ეს არის კომპანია, რომლის მესაკუთრე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესი წაართვეს და უკანონოდ დააკავეს. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ქონება ჩამოერთვა დავით კეზერაშვილის დავალებით და "თიბისი" ბანკის ხელმძღვანელების მონაწილეობით. თავად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო განხილვებს საცირკო წარმოდგენას უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.