07 აგვისტო 2026,   13:58
ვრცლად
ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა საჰაერო გზით - დაკავებულია ისრაელის 17 წლის მოქალაქე, რომელსაც ხელბარგში 1,120 აბი "პრეგაბალინი" აღმოაჩნდა

ნარკოდანაშაულისთვის ისრაელის 17 წლის  მოქალაქეა დაკავებული. მოზარდს ხელბორკილები ბათუმის აეროპორტში დაადეს. 1 120 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი", არასრულწლოვნის ხელბარგში ინახებოდა.

ნარკოდანაშაულის კვალზე სამართალდამცველები, არასრულწლოვნის ხელბარგის შემოწმებისას გავიდნენ. მებაჟეებმა საეჭვო ჩანთა სპეციალურ ოთახში გადაიტანეს და გახსნეს. ჩანთაში პოლიეთილენის პარკებში გადანაწილებული "პრეგაბალინი" აღმოჩნდა.

17 წლის მოზარდის დასაკავებლად სპეციალური ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის მთავარი სამმართველოს და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. საიდან შემოჰქონდა არასრულწლოვანს ფსიქოტროპული ნივთიერება და მონაწილეობდნენ თუ არა დანაშაულში სხვა პირებიც - ამის დასადგენად სამართალდამცველები მუშაობენ.

პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სხვა პირების საქმეზეც.

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბათუმში კიდევ სამი პირი აიყვანეს.

36 წლის მამაკაცი, პოლიციამ გორგასლის ქუჩაზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერა, გადაამოწმა და 74 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" ამოიღო. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ფაქტი იმ დროს აღკვეთეს, როდესაც ახალგაზრდა კაცი კლიენტთან შესახვედრად ემზადებოდა, რათა მისთვის ნარკოტიკი ხელიდან ხელში გადაეცა. ტეტრაკანაბინოლია ამოღებული მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

"კურიერის" ინფორმაციით, ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდით მოქმედებდნენ თურქეთის მოქალაქეებიც. ცოლ-ქმარი, რომელიც პოლიციამ ანგისის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის კადრებიც გაავრცელა. მასალაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ჩანს, ნაწილი სარეალიზაციოდ გამზადებული, მინი ბოთლებში იყო დაფასოებული. ელექტრო სასწორები და დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქეებმა რეალიზაციის შედეგად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალი უკვე ოფიციალურად აქვთ წარდგენილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები