განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე "ღამის კურიერის" ეთერში განათლების რეფორმაზე საუბრობს.
ცნობილია, რომ დადგენილი სიახლეების მიხედვით - ყველა საჯარო სკოლაში მხოლოდ განათლების სამინისტროს მომზადებული ერთი და იმავე სახელმძღვანელოებით ასწავლიან. განათლების მინისტრის თქმით, ის, რასაც გამომცემლობები ამ წლების განმავლობაში, საავტორო ჯგუფებთან ერთად აკეთებდნენ, ვერ უპასუხა იმ მიზანს, რასაც უნდა ემსახურებოდეს სასკოლო განათლება.
"სამწუხარო ფაქტი უნდა ვთქვა, მაგრამ ეს არის რეალობა - გამომცემლების წუხილი არის დაკავშირებული მათ ბიზნეს ინტერესებთან, მეტი არაფერთან. ჩვენი წუხილი არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებთან. იმიტომ, რომ ის, რასაც ეს გამომცემლობები ამ წლების განმავლობაში, საავტორო ჯგუფებთან ერთად აკეთებდნენ, მან ვერ უპასუხა იმ მიზანს, რასაც უნდა ემსახურებოდეს სასკოლო განათლება. ამიტომ, ჩვენ ახლა ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე. პირველივე დღიდან, რაც მე დავინიშნე, ჩემს გუნდთან ერთად დავიწყე იმ ადამიანების მოძიება, რომელთაც აქვთ საკმაოდ გრძელვადიანი გამოცდილება განათლების სისტემაში და ჩვენ დავაკომპლექტეთ სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით ჯგუფები, რომლებიც ახლო მომავალში დაიწყებენ ახლო მომავალში მუშაობას. სახელმძღვანელოები ეტაპობრივად შეიცვლება.
სახელმძღვანელოს ეგრევე შეცვლა ფიზიკურად ვერ მოხერხდება, მან გარკვეული პილოტირების რეჟიმი უნდა გაიაროს. ამ პილოტირების დროს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ რა ხარვეზები და დამატებითი საჭიროებები გამოვლინდება. ამის მიხედვით უნდა მოხდეს დახვეწა და საკითხების დეტალურად გაანალიზება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში, ყველა სახელმძღვანელო ხელახლა იქნება შემუშავებული და სრულიად ახალი სახელმძღვანელოები იქნება დაწერილი. ძირითადი აქცენტი არის ფუნდამენტურ საგნებზე, როგორიც არის ქართული ენა - ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები," - განაცხადა გივი მიქანაძემ.