მუსიკა, რომელმაც შექმნა კინო. კინო, რომელმაც შექმნა ეპოქა - ნინო როტა, ჯონ უილიამსი, ენიო მორიკონე, ჰანს ციმერი — ლეგენდარული კომპოზიტორები, რომლებმაც ეკრანზე მოთხრობილ ამბებს უკვდავება მოუტანეს.
არ არსებობს ფილმი, რომელსაც თან მუსიკალური ისტორია არ ახლავს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ჰენრი მანჩინის მიერ დაწერილი მუსიკაა, ფილმისთვის "საუზმე ტიფანისთან".
„Moon River“ - ი კომპოზიტორმა სპეციალურად ოდრი ჰეპბერნისთვის დაწერა. ლეგენდარული მსახიობის მიერ შექმნილი ჰოლის პერსონაჟი ეკრანზე ზუსტად იმ შინაგან სამყაროს ავლენს, რასაც ეს სევდიანი და რომანტიკული მელოდია გადმოსცემს. სიმღერამ 1962 წელს "ოსკარიც" მიიღო. ამ ისტორიის ნაწილია ჯეიმს ჰორნერის მუსიკა „ტიტანიკისთვის", რომელიც სიყვარულისა და ტრაგედიის სიმბოლოდ დარჩა.
სწორედ ამ უკვდავი კინომუსიკით შთაგონებულმა ახალგაზრდა მუსიკოსებმა ორი წლის წინ "თბილისი ფილმ ორკესტრა" დააარსეს. იდეა მარტივი იყო - მუსიკა, რომელმაც ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, ორკესტრის შესრულებით გაეცოცხლებინათ.
მოკლე დროში ეს იდეა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მუსიკალურ პროექტად იქცა. თბილისის ფილმ ორკესტრას ყოველი კონცერტი ანშლაგით ტარდება.
"ოსკაროსანი კინომუსიკის საღამო" - ასე ჰქვია კონცერტს სადაც ორკესტრი ყველა დროის საუკეთესო მუსიკალურ შედევრებს ფილმების ფონზე შეასრულებს.
საღამოზე ნინო როტას ლეგენდარული მუსიკა გაჟღერდება, რომელიც „ნათლიმამაში“ ოჯახური დრამისა და ძალაუფლების ატმოსფეროს ქმნის.
„ამარკორდი“, კი მსმენელს ერთდროულად ორი იტალიელი ლეგენდის - ფედერიკო ფელინისა და ენიო მორიკონეს სამყაროში ამოგზაურებს.
ოსკაროსანი კინომუსიკის საღამო 7 და 8 თებერვალს აუდიტორიუმში გაიმართება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.