შეხვედრა განათლების სამინისტროში გვიან ღამით დასრულდა. განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე რექტორებსა და ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა მათი პოზიციები მოისმინა და შესთავაზა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩამოყალიბდეს დროებითი საბჭო, ანუ მმართველი ორგანო, რომელიც ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
ასევე, რეორგანიზაციის პერიოდად არა რამდენიმე თვე, არამედ თუნდაც ორ-ორწელიწადნახევარი დაასახელა. გივი მიქანაძის განცხადებით, უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ამ საკითხებზე იმსჯელებს.
"ყველა ვთანხმდებით, რომ უმაღლესი განათლების სისტემა დგას გამოწვევების წინაშე, რომ რეფორმა აუცილებელია და განსახორციელებელია. ამ პოზიციების მოსმენის შემდეგ შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც 2-2.5 წლის განმავლობაში, რაც ამ პროცესისთვის გვაქვს განსაზღვრული, იმსჯელოს ამ საკითხებზე, ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდეს მთლიანად რეორგანიზაცია. ჩვენს გუნდში გვექნება მსჯელობა, კიდევ დამატებით რა წინადადება შეიძლება შევთავაზოთ ამ პროცესთან მიმართებაში. ჩვენ შევისწავლეთ ევროპული პრაქტიკა, სადაც არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის ევროკავშირში, გასული წლების განმავლობაში მოხდა ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულების უნივერსიტეტების გაერთიანება ერთი უნივერსიტეტის ქვეშ," - განაცხადა გივი მიქანაძემ.