03 აგვისტო 2026,   03:42
ვრცლად
22 საკონკურსო ფილმი და სტუმრები 130-ზე მეტი ქვეყნიდან - ვინ მიიღებს "ოქროს დათვს" 76-ე ბერლინალეზე

22 საკონკურსო ფილმი და სტუმრები 130-ზე მეტი ქვეყნიდან. ვიდრე წითელ ხალიჩაზე მსახიობები, ჟურნალისტები და კინემატოგრაფისტები შეიკრიბებიან, "ბერლინალეს" ბოლო დეტალები ზუსტდება. ფესტივალისა და ქალაქის დამაკავშირებელი მთავარი ჯილდო "ოქროს დათვი" უკვე მზად არის.

ბრინჯაოსგან ჩამოსხმული დათვის ქანდაკებები ორ დღეში დამზადდა და ოქროთი და ვერცხლით დაიფარა. ეს ტრადიციული პროცესი ფესტივალის დაწყების სიმბოლურ მომენტად ითვლება.

ერთ-ერთი მათგანის მფლობელი უკვე ცნობილია - საპატიო "ოქროს დათვი" წელს ოსკაროსან მსახიობს, მიშელ იეოს გადაეცემა.

კინოფორუმს ავღანელი რეჟისორის შარბანუ სადათის უახლესი სრულმეტრაჟიანი ფილმი გახსნის. ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა სწორედ ბერლინში შედგება.

საკონკურსო სექცია წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანია.

საერთაშორისო ჟურის გერმანელი კინოს ლეგენდა ვიმ ვენდერსი ხელმძღვანელობს. ის საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინემატოგრაფისტია, რომლის კარიერა ექვს ათწლეულზე მეტს მოიცავს. 

მთავარ კატეგორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, მათ შორისაა დრამა - At the Sea. მთავარი გმირი ქალია, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ სახლში ბრუნდება. კარიერის გარეშე დარჩენილი კი ცდილობს გააცნობიეროს, ვინ არის. პერსონაჟს ემი ადამსი განასახიერებს.

კორნელ მუნდრუცოს ფილმს კონკურენციას პოლიტიკური დრამა Yellow Letters გაუწევს. ნამუშევრის პრემიერა ბერლინალეზე შედგება.

თანამედროვე კინოს გამორჩეულ სახეებს ბერლინი 76-ედ შეხვდება. ოქროს დათვის მფლობელი წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის კი 22 თებერვალს გამოვლინდება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები