...არც თარიღი ვიცით ზუსტად და არც ხელნაწერების ავტორთა ვინაობა. მხოლოდ ვარაუდობენ, რომ 7-მეტრიანი გრაგნილის უკან რამდენიმე გადამწერი-ავტორი დგას. წლების წინ ეს გრაგნილი მუზეუმის თანამშრომლებმა მორიგი ექსპედიციის დროს შემთხვევით აღმოაჩინეს ერთ ოჯახში, სადაც მისი შინაარსიც კი არ იცოდნენ.
მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან ოსმალები სამცხე-საათაბაგოს იპყრობენ - ჯერ ტაო-კლარჯეთსა და მესხეთ-ჯავახეთს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს: აჭარასა და გურიის ნაწილს, და მოსახლეობის მუსლიმანიზაცია, ანუ გათათრება, იწყება. ერთ-ერთი ვერსიით, დედაბრული ხელი - ქართული არაოფიციალური დამწერლობა - სწორედ ამ პერიოდში ჩნდება.
დედაბრულ ანბანში 32 ასოა. კალიგრაფია გაკრულია, ასოების ფორმა კუთხოვანი, მოხაზულობა მკვეთრი. წერენ მარცხნიდან მარჯვნივ, სიტყვები ერთმანეთისგან გაუმიჯნავია, სასვენ ნიშნებს არ იყენებენ.
ყველაზე მკაფიო ტექსტებში შეიმჩნევა ჩამატებული ხმოვნები; ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ამგვარად არის დაშიფრული ტექსტში მოცემული ინფორმაცია. დედაბრული ხელი ბუნებრივად ჩამოყალიბდა. ადრეული მხედრულით შესრულებულ ნაწერში ჩამატებული ნუსხური ასოები დამწერლობის გარდამავალ პერიოდს ასახავს.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამუზეუმო ექსპონატებად ქცეული ჩანაწერები ძირითადად მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება - იმ პერიოდში, როდესაც აჭარაში ქართული საგანმანათლებლო კერა აღარ არსებობდა და ქალებმა ენის გადასარჩენად სპეციალური ასოები შექმნეს.
თითოეული ჩანაწერი ისტორიულ-გეოგრაფიული ვითარებისა და იმ პერიოდის რწმენა-წარმოდგენების ანალიზისთვის ფასდაუდებელი მასალაა. მეცნიერებს კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. იქნებ ერთ დღესაც, კიდევ ერთმა შემთხვევით აღმოჩენილმა გრაგნილმა ყველა უპასუხოდ დარჩენილ კითხვას პასუხი გასცეს.
ავტორი: ანი გენებაშვილი