"ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ჩემთვის ძალიან ძვირფასია", - ამბობდა ილია მეორე... ძვირფასი იყო, რადგან მორწმუნე ერის სიყვარულს ახალგაზრდა ილია სწორედ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, 60-იან წელს ეზიარა. მოსკოვის სასულიერო აკადემიიდან სამშობლოში დაბრუნებული იერომონაზვნის ბედი ეფრემ მეორემ გადაწყვიტა - ის მცხეთიდან ბათუმში გადაიყვანეს. მღვდლობის წლებიც უწმინდესმა ამ ეკლესიაში გაატარა. მტკიცედ აღავლენდა ღვთისმსახურებას მაშინ, როდესაც ქრისტიანობას დევნიდნენ.
პატრიარქმა აჭარაში რამდენიმე წელი გაატარა. მას შემდეგ, რაც პატრიარქი გახდა, მის ჩასვლას რეგიონში ყველა ელოდებოდა. ზუსტად იცოდნენ, რომ ილია მეორე თითოეულ მათგანს მოუსმენდა და სულიერ შვილებს გულში ჩაიხუტებდა, დალოცავდა და იმედს მისცემდა.
ყველა ასეთი დღე ახლა მოგონებაა, რომელსაც ბათუმში სევდანარევი ღიმილით იხსენებენ. სათქმელი და მოსაყოლი ბევრი დაუგროვდათ. ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე მტკიცე - რწმენა შექმნა, რწმენა, რომელიც პატრიარქის სულიერ შვილებს მომავლის იმედს აძლევს.
უფროს თაობას 27 წლის ილიას ბათუში ჩასვლა კარგად ახსოვს. ისინი იხსენებენ, რომ ქალაქში გამოჩნდა განსაკუთრებული გარეგნობის და უბრალოებით გამორჩეული სასულიერო პირი. მისი თავმდაბლობა და ადამიანებისადმი სიყვარული ყველას აკვირვებდა. ახალგაზრდა მღვდელი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა და ლოცულობდა.
პატრიარქისთვის ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველას გულდასმით ესაუბრებოდა, ყველას ნათქვამს გულში ინახავდა და შემდეგ მათზე ლოცულობდა. მისი ძლიერი და მტკიცე ხასიათი მორწმუნეებს ყველანაირ შიშს უქრობდა. საბჭოთა ბარიერმაც მრევლისთვის ძალა დაკარგა.
პატრიარქის იუმორს ადამიანები პირველივე შეხვედრისას ამჩნევდნენ. ხულოს გიმნაზიის რელიგიის პედაგოგმა "კურიერთან" უწმინდესის და უნეტარესის და მისი მოსწავლეების შეხვედრა გაიხსენა.
ბათუმელი პოეტი ვახტანგ ღლონტი პატრიარქს წლების განმავლობაში იცნობდა. მისი ძმა, ბერი ნიკოლოზი, პატრიარქის რეფერენტი იყო. ამბობს, რომ მოსაყოლი იმდენი აქვს, რომ დრო არ ეყოფა. პოეტი უწმინდესთან პირველ შეხვედრას იხსენებს. მაშინ, როდესაც ილია მეორე უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო.
პატრიარქზე მოყოლილი ყველა ისტორია ერთი ფრაზით სრულდება - უწმინდესი იყო იმედი უიმედობაში.
აჭარასთან მისი მჭიდრო კავშირი არასდროს შეწყვეტილა. ახალგაზრდა თაობის ეკლესიასთან დაახლოებისთვის ბევრი იშრომა. მისი ლოცვა-კურთხევით, ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო აკადემია დაარსდა. ასევე - ხულოს სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია.
ყველაფერი ახსოვთ, რაც საქართველოს პატრიარქმა საქართველოსთვის და აჭარისთვის გააკეთა. დარჩათ ტკბილი მოგონებები, რომლებსაც უწმინდესივით გულში ინახავენ. ბედნიერები არიან, რომ იცნობდნენ და უხარიათ რომ მის ეპოქაში ცხოვრობდნენ. ილია მეორის მიერ ერთ მუშტად შეკრული მრევლი წინამძღვარს უკანასკნელ გზაზე აცილებს. რა იქნება შემდეგ? პასუხი ყველას ერთი აქვს. გააგრძელებენ გზას მისი ქადაგებებით, სხვა დანარჩენზე კი დარწმუნებულები არიან, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ილოცებს.