03 აგვისტო 2026,   03:15
ვრცლად
ქართული საიუველირო ხელოვნების პირველი ნიმუშები

საიუველირო საქმე კაცობრიობის ერთგვარი ისტორიაა.

ოქრომჭედლობას საფუძველი ეყრება მელითონეობის უძველეს პერიოდში, რითაც ასე გამოირჩეოდნენ ჩვენი უძველესი წინაპრები - მოსინიკები, მოსხები, ტიბარენები, ხალიბები და თუბალები. ოქრომჭედლობა, როგორც ლითონის დამუშავების დახვეწილი ხელოვნება, ჩანს საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში და ქართული სამკაულის განვითარების ეტაპებზე.

 

სამკაული ადამიანის ცხოვრების თანმდევი ატრიბუტია და ისეთივე ძველია, როგორც თავად ადამიანი, თუმცა ვერავინ განსაზღვრის იმ დროს, როცა უბრალო საგანი პირველად აიღო მან და, თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, მუდმივ სამშვენისად გაიხადა.

საქართველოში ოქრომჭედლობას აღმავალი ხანა ძვ.წ. II ათასწლეულში დაიწყო, ამ პერიოდის უბრწყინვალესი ნიმუშია საყოველთაოდ ცნობილი თრიალეთური კულტურის ვერცხლისა და ოქროს ნივთები. თრიალეში აღმოჩენილია ერთ-ერთი უძველესი ოქროს ყელსაბამი - სარდიონისა და აქატის დაზოლილი ქვებით.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა ზომის ღრუსივრციანი ოქროს მძივები, უბადლო ტექნიკითაა დამუშავებული და დახვეწილი ხელოვნებითაა გაწყობილი. ეს ნივთი, მისი დროის სხვა მასალასთან ერთად, საფუძველს უყრის ქართული ოქრომჭედლობის აღმავლობას, რაც განსაკუთრებით გაძლიერდა ძვ.წ. II ათასწლელში და გამოიხატა თრიალეთის ორი - ვერცხლისა და ოქროს თასების დამზადებაში. დღემდე ამ ნივთების შესახებ, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული, ინტერესი არათუ იკლებს, უფრო მეტად იზრდება.

ჩვენამდე შემონახული თრიალეთის კულტურის თასები მაღალმხატვრული ესთეტიკური ღირებულების არის, ვერცხლის თასზე გამოსახულია ნიღბებიანი სატომო ღვთაებანი.

 

ეს ეპოქა ინახავს ქართველური მოდგმის ტომთა საიუველირო ხელოვნების უმაღლეს დონეს. ფაქტობრივად, უძველესი ცნობები კავკასიის, როგორც მელითონეობის დიდი კულტურის მქონე მხარის შესახებ, ამ მასალებითაც დასტურდება, თუმცა ეს ტრადიცია თუ II ათასწლეულის ბოლოს ოდნავ სუსტდება, I ათასწლეულში უკვე მთელი სიძლიერით იკრეფს ძალას, მაშინ, როცა საფუძველი ეყრება ქართული სახელმწიფოს წარმოშობას.

ოქრომჭედლობის უხვი მასალები მიკვლეულ იქნა ფარცხანაყანებში, ყაზბეგში, ჭუბურხინჯში, ცხინვალში, მაგრამ თავისი კლასიკური სახით შემოინახა ვანისა და საირხის არქეოლოგიურ მასალებში, საიდანაც ათეული წლების განმავლობაში განუწყვეტელ ნაკადად მოედინება საოქრომჭედლო ნაკეთობათა შედევრები.

ასეთ ნაკეთობათა რიგს მიეკუთვნება ძვ.წ. Vს. დიდემა ოქროსავე სასაფეთქლეებით, რომელიც წარჩინებული ადამიანის შემამკობელი უნდა ყოფილიყო. დიადემათა ასეთი ტიპი თავისი სხივანა სასაფეთქლეებით, ყველაზე დახვეწილი ფორმით საქართველოშია წარმოდგენილი.

როგორც ვანში, ასევე საირხეში ოქროს ნივთებთან ერთად, აღმოჩენილია საოქრომჭედლო იარაღები და ოქროს დასამუშავებლად გამზადებული ფირფიტები, რაც უშუალოდ მიუთითებს ადგილობრივი ხელოსნური პროცესის შესახებ.

მსოფლიო ოქრომჭედლობის შედევრადაა მიჩნეული ასევე ვანში აღმოჩენილი ყელსაბამად ასხმული 31 ოქროს კუ, რომელთაგან ერთი დიდია, დანარჩენი 30 კი პატარა. თითოეული კუ წვრილი გავარსის ორნამენტითაა შემკული, თვალებად ინკრუსტრირებული პასტები აქვს ჩასმული. ისინი ზოგადად თავისი ფორმით საუკეთესოდ გამოხატავენ ამ უწყინარ ცხოველთა მშვიდ ხასიათს.

ვანის აღმოჩენებს ეთანადება და ეთანხმება ზემო იმერეთში - საჩხერეში, მოდინახეზე და განსაკუთრებით საირხეში აღმოჩენილი ოქროს ბრწყინვალე ნიმუშები.

ქართული ოქრომჭედლობის მიღწევას წარმოადგენს ე.წ. ფარაკიანი საბეჭდავები, რომლებიც სათავეს, მართალია, საბერძნეთში იღებს მაგრამ მისი ქართული მინაბაძები დიდი ოსტატურად არის შესრულებული, ასეთი ბეჭდები გამოიყნებოდა წარჩინებულობის ნიშნად, რომელიც ფართოდ გავრცელდა ძვ.წ. V-IV ს-ში. ის გამოიყენებოდა ასევე საბეჭდავად, მათ ფარაკებზე ამოტვიფრული იყო რელიგიური შეხედულებით ნასაზრდოები ფიგურები.

ოქრომჭედლობის ოსტატობა სრულიადაა განსახიერებული ახალგორის რაიონის სოფ. საძეგურში აღმოჩენილ წყვილ სასაფეთქლე საკიდებში, რომელიც ძვ. წ. IV ს-ით თარიღდება. ესაა ძველი ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუში, რომელიც სიუჟეტური თვალსაზრისით აქემენიდური ხელოვნების შტრიხებსაც ატარებს.

ქართულ ოქრომჭედლობაში ელინისტურმა კულტურამ მოიტანა ნაკეთობათა ფერადი ქვებით შემკობის წესი. ოქრომჭედლობაში ახალი ეტაპი დადგა გვიანანტიკურ ხანაში. ეს იყო პოლიქრომული სამკაულის გავრცელება, რომელთა საუცხოო ნიმუშები აღმოჩნდა მცხეთაში. მცხეთაში აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები თავისი მხატვრულ-ესთეტიკური ღირსებით თავისუფლად იმკვიდრებენ ადგილს მსოფლიო საიუველირო ხელოვნების უბრწყინვალეს ნიმუშთა შორის.

ქართულმა ოქრომჭედლობამ დიდი წარმატება მოიპოვა ჭედურობასა და მინანქარის დამუშავებაში. ჭედურობის უდიდესი ხელოვნება განსაკუთრებით გამოიკვეთა განვთარებული ფეოდალიზმის ეპოქის ისეთ აღიარებულ ხელოვანთა შემოქმედებაში, როგორებიც იყვნენ ბექა და ბეშქენ ოპიზრები.

ოქრომჭედლობა მთელი სისრულით გამომჟღავნდა საბრძოლო იარაღებში, რომლებიც თავდაცვითი და თავდასასხმელი ფუნქციის გარდა, ადამიანის სამშვენისის მოვალეობასაც ასრულებდა. ამ დარგში კავკასიური იარაღი უაღრესად დიდი დახვეწილობითა და იმ დონის ორიგინალობით გამოირჩევა, რომ მისი აღრევა მსოფლიოს ნებისმიერ იარაღებში ფაქტობრივად შეუძლებელია.

ოქრომჭედლობის დახვეწილი ოსტატობა გამოვლინდა ხმალ–ხანჯლებისა და თოფ–დამბაჩების მორთულობაში, რომელშიაც გამოყენებულია ოქრომჭედლობის ყველა ხერხი. როგორც ცნობილია, კავკასიის ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობა გამუდმებულად იმყოფება საბრძოლო მდგომარეობაში, ამიტომ იარაღის მიმართ დამოკიდებულებამ აქ იმდენად მძაფრი ხასიათი შეიძინა, რომ იგი ფაქტობრივად მუდმივ სატარებელ საგნად იქცა.

ამ ვითარებამ განაპირობა იარაღ-საჭურვლის უმნიშვნელოვანესი ცენტრების გაჩენა კავკასიაში, რომელთაგან თბილისი ყველაზე სახელოვანი იყო. თბილისური იარაღ-საჭურვლის სამჭედლო სახელოსნოები აქ რამდნიმე ქუჩას მოიცავდა, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კულტურის სხვადასხვა ელემენტი და იკვრებოდა ერთი დიდი თბილისური ხელობა.თბილისის გარდა ოქრომჭედლობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა: ქუთაისი, ახალციხე, სენაკი, ზუგდიდი, თელავი და სიღნაღი.

 

 

დღის ამბები