03 აგვისტო 2026,   01:17
ვრცლად
ფართების დაკანონების პროექტი გრძელდება - თბილისში, 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცა

საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს ხელი მოაწერეს და წლების ოცნება აიხდინეს - 30 ოჯახს თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები დაუკანონა.

ოჯახებს დამადასტურებელი მოწმობები თბილისის მერმა გადასცა. მერიის პროექტი ეხება ყველას, ვინც წლებია, დაუკანონებელ საცხოვრებელში ცხოვრობს და საკუთრების უფლების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

დაკანონების მოწმობა დღეს ნიკოლოზ ჭყოიძესაც ჩაბარდა. ის 2012 წლიდან, მოხუც მამასთან ერთად, წერეთლის გამზირზე ცხოვრობს. მუშაობს მშენებლობაზე და არაერთხელ ჰქონია სურვილი, საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა, თუმცა ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ფართი მისი საკუთრება არ იყო.

ნიკოლოზ ჭყოიძე, საკუთარი ბინის დაკანონების შემდეგ, სარემონტო სამუშაოების დაწყებას გეგმავს.

საცხოვრებელი ფართის დაკანონების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ ადგილობრივ გამგეობას უნდა მიმართოს. თუ თბილისში მცხოვრები ოჯახი შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, მისი დოკუმენტაცია ქონების მართვის სააგენტოში იგზავნება და განიხილება.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა უკვე 3 150-მა ოჯახმა მიიღო. ფართების დაკანონების პროექტი გრძელდება.

მოქალაქეები, რომლებიც დღეიდან დაკანონებულ ფართებში გააგრძელებენ ცხოვრებას, თბილისის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლები არიან.

დღის ამბები