ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია, სამართლებრივი პროცესების პოლიტიკურად წარმოჩენა - მმართველი გუნდი მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც ამჯერად აფგან სადიგოვის დაკავებას მოჰყვა. არჩილ გორდულაძის განცხადებით, ტყუილია, რომ თითქოს ბრალდებულის სასამართლო პროცესი დაჩქარებულად შუაღამით ჩატარდა, მისი თქმით, სხდომის დროულად ჩატარებას ხელი თავად სადიგოვის უფლებადამცველებმა შეუშალეს და პროცესი მაქსიმალურად გააჭიანურეს.
ხელისუფლების დისკრედიტაცია და დამოუკიდებელი
სასამართლოს დაზიანება- სწორედ ეს არის ქართული ოცნების თქმით დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მიზანი. მმართველი გუნდის წევრებს ოპონენტების მხრიდან ყალბი ნარატივით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთი ფაქტი ახსოვს, თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნებისმიერი ასეთი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული.
ქართული სასამართლოს ობიექტურობასა და სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს, ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აფგან სადიგოვის
უფლებადამცველების ყველა ქმედება ბრალდებულის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.
სახელისუფლებო გუნდიდან ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და სამართლებრივი თემის პოლიტიზება არც ამჯერად გამოუვათ. ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების ობიექტურობა კი მმართველი გუნდის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტებით არაერთხელ დადასტურდა.
ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არაერთგზის ცნობილი აფგან სადიგოვი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, მსაჯულის გადაწყვეტილებით, მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა 3 წლით აეკრძალა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.