ხარება, როგორც მთავარი სიმბოლო და იდუმალი სხივი ყველა ტილოს გასდევს, - ასე იკითხება ირაკლი ფარჯიანის მხატვრული სამყარო.
სამყარო, რომელიც დამთვალიერებლისთვის დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები 70-იანი წლების ბოლოდან, მხატვრის გარდაცვალებამდე განვლილ გზას აერთიანებს და მის შემოქმედებას წარმოაჩენს.
ბიბლიური სცენები, მითოლოგიური და ფილოსოფიური თემები. „იდუმალი სხივის“ცენტრში „ხარება“დგას - რელიგიური თემატიკის გამორჩეული ნიმუში, რომელიც გამოფენის მთავარი ტილოა მხატვარი სიუჟეტის შექმნის დროს არაერთხელ დაუბრუნდა. ნამუშევარი ერთ - ერთია იმ ხუთი ტილოდან, რომელიც მუზეუმის ფონდიდან დღის სინათლეზე პირველად გამოიტანეს. გამოფენის კურატორი კონსტანტინე ბოლქვაძეა. მისი საკურატორო თხრობა ფარჯიანის ერთგვარ ვიზუალურ თარგმანზეა აგებული, სადაც ჩვენს თანამედროვეობაში მხატვრის აქტუალობა მკაფიოდ იკვეთება.
გამოფენაზე წარმოდგენილია იშვიათი ნამუშევრები მხატვრის ოჯახის მემკვიდრეობიდან. დიდი ნაწილი ფარჯიანის მეგობარს და კოლექციონერს, არჩილ დარჩიას ეკუთვნის.
ექსპოზიციაზეა გამოტანილი თამარ ხუნდაძის და ნაირა გელაშვილის უნიკალური პორტრეტები და ხისგან შექმნილი ქანდაკებები.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ირაკლი ფარჯიანის გამოფენა 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე გაიხსნა და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.