ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა საბოლოო სიტყვა თქვეს.
დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
"სასამართლოს განაჩენს ველოდებით, რომ უნდა იყოს გამამართლებელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენისთვის. წარმოადგინა ძალიან საეჭვო მტკიცებულებები, რომლებიც პირებმა ჩვენებები მისცეს საკუთარი თავის გადასარჩენად, ციხიდან გამოსასვლელად, შესაბამისად ეს მტკიცებულებები და ის ჩვენებები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, არ შეესაბამება საქმის სხვა მასალებს", - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე.
პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძისთვის იმ ქონების ჩამორთმევას ითხოვს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. პროკურორის თქმით, საუბარია 3 მილიონის ღირებულების ქონებაზე.
"სამივე ბრალდებულის მიმართ, ვის მიმართაც მოვითხოვეთ საქმის არსებითად დასრულება, განვმარტე დასკვნით სიტყვაში ვრცლად, ამ მოწმეთა ჩვენებები, კონკრეტულად რა ინფორმაცია მიუთითებდა მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე და ეს ყველაფერი არ ემყარება მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას. თითოეულ ბრალდებულთა მიმართებით შეფასდა ინდივიდუალურად გარემოების და თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით და ა.შ. შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფრის მხედველობაში მიღებით გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება ვლადიმირ ღუდუშაურთან სხვა პირების, სამი პირის მიმართ მოითხოვა საქმის არსებითად დასრულება", - აცხადებს პროკურორი ანა ლეკიაშვილი.