"ინოვაცია, ერთიანობა და ტრანსფორმაცია" - ეს იყო 2026 წლის ახალგაზრდული ფორუმის მთავარი თემა, სადაც განათლების მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ნიუ-იორკში გამართულმა ღონისძიებამ 100-მდე ქვეყნის მინისტრი და ახალგაზრდა დელეგატი გააერთიანა. გაეროს ეგიდით ორგანიზებული ფორუმი მიზნად ისახავდა 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობას და ამ პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდივიდუალური შეხვედრებით გაგრძელდა. ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი პროგრამების განვითარების საკითხები. ხაზი გაესვა ქართული და ამერიკული უნივერსიტეტების თანამშრომლობასა და ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებსაც შეხვდა. განათლების მინისტრმა მათ დიასპორის მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივები გააცნო. მხარეებმა საკვირაო სკოლების საქმიანობის გაძლიერების მიზნით სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
ქართულმა მხარემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ევროპულ დელეგაციებთანაც გამართა. გივი მიქანაძემ სერბ და ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე