02 აგვისტო 2026,   23:11
ვრცლად
საფრანგეთის რივიერა კვლავ კინემატოგრაფიის მთავარ სცენად იქცევა - კანი 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს

კრუაზეტის სანაპირო მსოფლიო ვარსკვლავების დასახვედრად ემზადება. საფრანგეთის რივიერა კვლავ კინემატოგრაფიის მთავარ სცენად იქცევა. კანი 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს.

წლევანდელი ფორუმი გამორჩეულია, აქცენტი არა ჰოლივუდურ ბლოკბასტერებზე, არამედ ავტორულ კინოზე კეთდება. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ფესტივალის გახსნის ფილმად პიერ სალვადორის ფრანგული კომედია - The Electric Kiss  დასახელდა.

მთავარი საკონკურსო პროგრამა ავტორების ბრძოლას უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალოდ კონკურსს. პირველად ისტორიაში, მთავარ კატეგორიაში სამი ესპანური ფილმი მონაწილეობს. მათ შორისაა როდრიგო სოროგოიენის "საყვარელი ადამიანი", რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგება. ფილმში მთავარ როლს ხავიერ ბარდემი ასრულებს.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი ფიგურა პედრო ალმოდოვარია. ესპანური კინოს კლასიკოსი კანში ახალი ნამუშევრით - "მწარე შობით" ბრუნდება.

ფილმი ოჯახურ დრამაზე მოგვითხრობს, რომელიც დღესასწაულის ფონზე ვითარდება.

ალმოდოვარი თავის საყვარელ თემას აგრძელებს - ქალის ფსიქოლოგია და დედობა, თუმცა ამჯერად აქცენტი გაკეთებულია იმაზე, თუ როგორ ანგრევს ან აერთიანებს ტრადიციები თანამედროვე ადამიანს.

მიუხედავად იმისა, რომ კანის კინოფესტივალს ძალიან უყვარს ალმოდოვარი, მის ფილმს ოქროს პალმის რტო ჯერ არ აუღია.

გამარჯვებისთვის იბრძოლებს ირანელი რეჟისორი ასღარ ფარჰადი თავისი ახალი ფრანგულენოვანი პროექტით "პარალელური ისტორიები". პარიზში განვითარებულ ამ ისტორიაში მაყურებელი ისეთ ვარსკვლავებს იხილავს, როგორებიც იზაბელ იუპერი და ვენსან კასელი არიან.

მთავარ კატეგორიაშია ნომინირებული იაპონელი ჰიროკაზუ კორე-ედას ახალი ფილმი "ცხვარი ყუთში", რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აზიური კინოს გავლენას.

ვიდრე მთავარი კონკურსის ავტორები პრიზებისთვის ბრძოლას დაიწყებენ, ფესტივალი პატივს მიაგებს კინოს ლეგენდებს. წელს საპატიო "ოქროს პალმის რტო" ორ ეპოქალურ ხელოვანს გადაეცემა - ახალზელანდიელ რეჟისორ პიტერ ჯექსონს, რომელმაც კინო თავისი მასშტაბური ტექნოლოგიური ინოვაციებით შეცვალა და ლეგენდარულ ბარბარა სტრეიზანდს, რომლის კარიერაც მუსიკასა და კინოში ათწლეულებსა და უამრავ ჯილდოს ითვლის.

არანაკლებ ისტორიულია ჟიურის შემადგენლობაც. წელს გადაწყვეტილებების მიმღებ გუნდს სათავეში სამხრეთ კორეელი რეჟისორი, პარკ ჩან-ვუკი უდგას. ეს პირველი შემთხვევაა კანის ისტორიაში, როდესაც ჟიურის თავმჯდომარე კორეელი კინემატოგრაფისტია. პარკ ჩან-ვუკისგან, რომელიც Oldboy-სა და Decision to Leave-ის ავტორია, კრიტიკოსები ემოციურად მძაფრი და სტილისტურად გამორჩეული ფილმების მხარდაჭერას ელიან.

მიუხედავად იმისა, რომ წელს აქცენტი ავტორულ კინოზეა, წითელი ხალიჩა მაინც ბრწყინვალე იქნება. კანში უკვე ელოდებიან ჯონ ტრავოლტას, რამი მალეკს და ხავიერ ბარდემს.

ვინ გახდება წლევანდელი ტრიუმფატორი და ვის ხელში აღმოჩნდება "ოქროს პალმის რტო" - 23 მაისს გახდება ცნობილი.

დღის ამბები