03 აგვისტო 2026,   09:28
ვრცლად
გრემის 24 ჯილდოს მფლობელი, მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი და თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა - კანიე უესტი "დინამო არენაზე" იმღერებს

მისი ყოველი გამოსვლა მუსიკალური მოვლენა ხდება, ყოველი შოუ კი მსოფლიო განხილვის თემაა. გრემის 24 ჯილდოს მფლობელი, მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი და თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა - კანიე უესტი, რომლის შემოქმედებითი გზა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებისთვის ბითების შექმნით დაიწყო, თუმცა მალევე ვარსკვლავად თვითონვე იქცა.

არტისტი, რომლის მუსიკალურმა ჩანაწერებმა, ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა.

შოუ, რომელზეც მსოფლიო ილაპარაკებს და რომელსაც თბილისი უმასპინძლებს - 12 ივნისს, "დინამო არენაზე" გაიმართება. Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში, კანიე უესტის მასშტაბურ, ლაივ პერფორმანსს აანონსებს, რაც საქართველოს საერთაშორისო მუსიკალური რუკის ცენტრში კიდევ ერთხელ მოაქცევს.

2026 წლის მარტში, არტისტმა ახალი ალბომი, Bully გამოსცა, რომელსაც მალევე ექსკლუზიური შოუები მოჰყვა, მათ შორის, ლოს-ანჯელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი - შოუ თავისი მასშტაბით, სასცენო დიზაინითა და აუდიტორიის ჩართულობით, წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა.

ორგანიზატორების თქმით, მომღერალი "დინამო არენაზე", სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგება. ბილეთების გაყიდვა 12 მაისს, ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „Starring Georgia“ მთავარი მიზნისკენ სვლას აგრძელებს - წელს მუსიკალური ორბიტის მთავარ როლში საქართველოა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები