03 აგვისტო 2026,   02:33
ვრცლად
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებმა - პაატა ბურჭულაძემ და პაატა მანჯგალაძემ სიტყვის უფლებით ისარგებლეს

4 ოქტომბრის საქმეზე დღეს, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 6 პირის განაჩენი გამოცხადდება. სხდომა საქალაქო სასამართლოში უკვე ორი საათია მიმდინარეობს.

პროცესზე დაცვის მხარე და ბრალდებულები დასკვნით სიტყვას ამბობენ.

ბურჭულაძის თქმით, მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, რადგან ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა:

"ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია რომ სწორ გზაზე ვდგავარ.მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი იმას რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია." - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.


პაატა მანჯგალაძის განმარტებით კი საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მას აქციაზე რაიმე საორგანიზაციო ფუნქცია ჰქონდა ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობდა.

"საქმეში წარმოდგენილი არ არის რეალური მტკიცებულება, რომ მე რაიმე საორგანიზაციო როლი და ფუნქცია გამაჩნდა 4 ოქტომბრის აქციის. ბრალდებამაც იცის, რომ არაფერი ჩამიდენია, - არც ცეცხლი წამიკიდებია, არც ვინმე დამირბევია, არც მოწოდება გამიკეთებია და არც სასახლის ღობე დამიზიანებია." - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ.

დღის ამბები