03 აგვისტო 2026,   02:32
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი მამუკა მდინარაძეზე: ახალ ამპლუაში უკვე აქტიურად ამოქმედდა, ამ კოორდინაციას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და პირველი შედეგები დავინახეთ კიდეც

ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. მათ შორის - სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთი კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.

პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხში განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს.

თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებს სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი.

"ახალ ამპლუაში უკვე აქტიურად ამოქმედდა და დარწმუნებული ვარ, რომ მიმავალშიც ასე იმოქმედებს. ამ კოორდინაციას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და პირველი შედეგები დავინახეთ კიდევაც. ეს არ არის კამპანიური ხასიათის, არამედ მყარი პოლიტიკა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისა, რომ რაც უნდა დრო გავიდეს, როდესაც ექნებათ მტკიცებულებები ხელთ, მის რეალიზაციას არ დააყოვნებენ.

გენერალური პროკურორი როდესაც საუბრობდა, ის არ შეჩერდა მხოლოდ ამ ხუთ დაკავებულ პიროვნებაზე, ვისაც ბრალდება წარუდგინეს, მან თქვა, რომ ეს გრძელდება, ყველა დეტალი სხვა საქმეებთან მიმართებაშიც ხელმეორედ იქნება გადამოწმებული და ეს საგამოძიებო მოქმედებები არ შეჩერდება," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებულების მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები