ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. განსასჯელის სკამზე აღმოჩენილი ორივე სპეცრაზმელის საქმეზე მოსამართლემ დღეს იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა. სხდომა პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოების მიზნით დახურული იყო. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში საგამოძიებო უწყება ლევან ხაბეიშვილსაც გამოკითხავს.
დანაშაულს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე დაკავებულებიც. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით მათაც პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ერთ ერთი სპეცრაზმელის ინტერესების დამცველი, ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ დავალება არავისგან მიუღია.
ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხული 550-ზე მეტი ადამიანი და ამოღებული ასეულობით ვიდეო მასალა- სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩატარებულ სამუშაოებსა და შედეგებზე დღეს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო მინისტრის განცხადებაც გაიხსენა. მამუკა მდინარაძემ ახალ პოსტზე დამტკიცებისთანავე განაცხადა, რომ ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცემოდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი გენერალურმა პროკურატურამ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი და მოქმედი სპეცრაზმელები დააკავა.
ხელისუფლების ოპონენტები ტრადიციულად გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დაკავებულები, რომლებმაც დანაშაული უკვე აღიარეს, დავალებებს დამკვეთებისგან იღებდნენ.
ძალადობის საქმეში რომ არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებებიც არ დევს, რომელიც დამკვეთებზე მიუთითებს ეს სახელმწიფო მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ თქვა. მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს ახალი პიარკამპანია დაუწუნა და უთხრა, რომ სამართალდამცავი უწყებები დღეს მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოქმედებენ.
კანონის წინაშე ყველა თანასწორია - ამბობს პირველი კანონმდებელი და გასულ წელს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებს იხსენებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინ დემონსტრანტები სამართლებრივ ჩარჩოებს არაერთხელ გასცდნენ, თუმცა ყველა კანონდამრღვევის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
უახლესი წარსული და ბოლო 4 წელში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა გაიხსენა დღეს პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, რომ არა სამართალდამცავი უწყებების მაღალპროფესიონალური მუშაობა, გარედან დაწერილი ძალადობრივი სცენარი, შესაძლოა რეალობად ქცეულიყო.
2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ზვიად მაისაშვილზე, გურამ როგავასა და ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის დაკავებულები ახლა ვერდიქტის მოლოდინში არიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.