ქალაქში, რომელსაც კორკოვადოს მთიდან ქრისტეს ქანდაკება გადმოჰყურებს, ქვემოთ კი კოპაკაბანას ოქროსფერი სანაპირო იშლება, მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამჯერად, ბრაზილიურ რიტმებს ქართული ჰანგებიც შეუერთდა.
"საქართველოს სინფონიეტამ" სამხრეთამერიკული ტურნე სწორედ რიო-დე-ჟანეიროდან დაიწყო.
გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის, სულხან ცინცაძისა და ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებები რიო-დე-ჟანეიროს ცენტრალურ დარბაზში პირველად გაჟღერდა.
რიოდან დაწყებული მუსიკალური მოგზაურობა ბრაზილიის დედაქალაქში გაგრძელდა.
მაესტრო რაფაელ ბაროს კასტროს დირიჟორობით შესრულებულმა ქართულმა და ბრაზილიურმა ნაწარმოებებმა, ადგილობრივი მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამაც ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული დიალოგი უფრო თვალსაჩინო გახადა.
ორკესტრმა, რომელიც პირველად ეწვია ამ ქვეყანას, ქართული კულტურის ღირსეულად წარდგენა და ბრაზილიელი მსმენელის გულის დაპყრობა შეძლო.
ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ კულტურული კავშირების მნიშვნელობა და ქართული საშემსრულებლო სკოლის უმაღლესი დონე კიდევ ერთხელ დაადასტურა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, "საქართველოს სინფონიეტა" ბრაზილიის ტურნეს შემდეგ არგენტინის რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც მორიგ კონცერტებს გამართავს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი