02 აგვისტო 2026,   21:38
ვრცლად
ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

შეხვედრების ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობის აუცილებლობაზე და ზოგადად ამომრჩევლის როლსა და უფლებებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე და იმ გამოცდილებასა და გზაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამდე გაიარა.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანი მონაწილეებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა, როგორიცაა დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მონაწილეებს იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ახორციელებს. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ახალ ვებგვერდზე disinfo.cec.gov.ge.

ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახნიაშვილმა და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ისტორიის შესახებ მიაწოდეს.

ქუთაისსა და ზესტაფონში საინფორმაციო შეხვედრები 14-15 მაისს გაიმართა.

 

დღის ამბები